"ქართული ოცნების" უარი პოლიტიკოს ქალებს
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას გენდერული ბალანსი არ დაიცვა, დასახელებული 11 კანდიდატიდან არცერთი ქალი არ არის. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის "გენდერის მედია ცენტრის" დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი აცხადებს.
"სახელისუფლო პარტიას უნდა გაეთვალისწინებინა გენდერული ბალანსი საარჩევნო სიების და განსაკუთრებით მაჟორიტარების დასახელებისას. სწორედ, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის ინიციატივა იყო პარლამენტში განსახილველად გატანილი, რომელიც 30% კვოტირებას ისახავდა მიზნად. პროექტი გაურკვეველი მიზეზების გამო აღარ გავიდა პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად, თუმცა სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შიდაპარტიული სიები გენდერულად უნდა დაბალანსებულიყო. ეს, პირველ რიგში, "ქართული ოცნების" სიაში უნდა ასახულიყო. მართალია, პროპორციულ სიაში მათ წარმოადგინეს რამდენიმე ქალი კანდიდატი, მაგრამ იმერეთში ქალი მაჟორიტარი კანდიდატი არცერთ ოლქში დასახელებულა. ეს კი, ძალიან ცვლის გენდერული ბალანსის სასურველ სურათს",-განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.
"გენდერის მედია ცენტრის" დირექტორს მიაჩნია, რომ მმართველი ძალისათვის სახელმწიფოს თანაბარი განვითარება ძირითად მიზანს არ წარმოადგენს.
"ხელისუფლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გენდერი, კვოტირების საკითხები და სახელმწიფოს თანაბარი განვითარება მათთვის ძირითად მიზანს არ წარმოადგენს, რაც ჩემთვის, როგორც ამ საკითხებით დაინტერესებულისა და გენდერის მედია ცენტრის დირექტორისთვის, მიუღებელია",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ქუთაისში, მაჟორიტარ კანდიდატებად, ამ ეტაპზე სამი ქალბატონი მოიაზრება, "რესპუბლიკელებიდან" ნატო ქათამაძე და "ახალი საქართველოდან" ნატო დანელია. ეს კანდიდატები ჯერ ოფიციალურად წარდგენილები არ არიან. სამაგიეროდ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ასევე ქალბატონი, ჟურნალისტი, ლელა სებუა უკვე დაასახელა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















