"ფემინისტური მოძრაობა საქართველოში ქუთაისიდან დაიწყო"- გამოფენა ქუთაისში
ქუთაისში, წმინდა ნინოს სახელობის #3 სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით "ქუთაისი და ქალთა მოძრაობა" გაიმართა.
სკოლის ფოიეში ქუთაისის ქალთა გიმნაზიის იმ კურსდამთავრებულთა ამსახველი გამოფენა მოეწყო, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს საქართველოში ქალთა მოძრაობის გააქტიურებასა და განათლებისა, თუ კულტურის სფეროს განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების 5 წევრი ქალბატონიდან სამი ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული იყო.
"XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისი მართლაც რომ ეპიცენტრი გახდა საქართველოში ქალთა მოძრაობის განვითარების. კატო მიქელაძე, ჩიტო შარაშიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, მინადორა ორჯონიკიძე, ეს ის სახელებია, რომლებთა საქმიანობამ ქვეყნის ისტორია განსაზღვრა. ძალიან საინტერესოა იმდროინდელი ქართული პრესა, კერძოდ, გაზეთი "კოლხიდა", სადაც იყო დისკუსია გამართული იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა დაეკავებინა ქალს საზოგადოებაში. აღსანიშნავია ის, რომ ქალებმა არჩევანი განათლების ამაღლებაზე გააკეთეს", -განაცხადა მერიის კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.
ღონისძიება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის მედია ცენტრის ინიციატივით მოეწყო.
"ჩვენ შევეცადეთ გამოგვეფინა ინფორმაცია იმ ქალების შესახებ, რომლებიც სწავლობდნენ ქალთა გიმნაზიაში და ძალიან დიდი კვალი დატოვეს ქალთა მოძრაობის განვითარებაში. ფემინისტური მოძრაობა საქართველოში სწორედ ქუთაისიდან დაიწყო და მისი დამაარსებელი გახლდათ სწორედ კატო მიქელაძე, მან ჩამოაყალიბა პირველი ქალთა გაზეთი "ხმა ქართველი ქალის" , სადაც იწერებოდა ქალთა პრობლემების შესახებ"-აღნიშნა ჟურნალისტთა გენდერული თანასწორობისთვის ქსელის ქუთაისის წარმომადგენელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















