"ქუთაისის მერია გადახდილი თანხის ხელმეორედ გადახდას ითხოვს"
ქუთაისის მერია გადახლილი თანხის ხელმეორედ გადახდას ითხოვს, ამის შესახებ სასამართლოს უწყება ჩამბარდა, - აცხადებს "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი. მისი თქმით, სასამართლომ მას 6 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, რომელიც გადაიხადა, თუმცა ქუთაისის მერია ამ თანხის გადახდას კვლავ ითხოვს.
"მე მაქვს გადახდილი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა. სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ჩემს წინააღმდეგ არსებული ბრალი და მხოლოდ სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდება დამიტოვა, ასევე დამაკისრა 6 ათას ლარიანი ჯარიმა. მერია ცალკე ითხოვს ამ 6 ათასი ლარის ანაზღაურებას, რომელიც მათი განცხადებით, მერიას მივაყენე"-განაცხადა მან.
ცამციშვილი აღნიშნულს უსამართლობად მიიჩნევს. მისი თქმით, დეტალებს ადვოკატთან ორშაბათს განიხილავს და სასამართლოშიც შესაგებელ სარჩელს შეიტანს.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 2011-12 წლების პერიოდს, როდესაც თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სასამართლომ ცამციშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 6000 ლარით დააჯარიმა.
ქუთაისის მერიამ მიყენებული ზარალის ბიუჯეტისათვის გადახდა ცამციშვილს გასული წლის აპრილში წერილობით მოთხოვა, თუმცა უარის მიღების შემდეგ სასამართლოს მიმართა.
მერიაში ადასტურებენ, რომ თემურ ცამციშვილის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ქუთაისის სასამართლოს ნამდვილად მიმართეს. იურიდიული სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ცამციშვილმა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და არა მერიისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, მას თანხის გადახდის შესახებ ერთი წლის წინ აცნობეს, მაგრამ რადგანაც ეს მოთხოვნა არ შეასრულა, ამიტომ საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















