ქუთაისის მერია საკუთარი პროექტის მონიტორინგისთვის ტენდერს აცხადებს
ქუთაისის მერია პროექტის - "ქუთაისი - ეს მუშაობს" ფარგლებში განხორცილებული საქმიანობის მონიტორინგს გეგმავს. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული საგრანტო პროექტის საქმიანობის შედეგების შეფასებისთვის 5 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელ ანგარიშს მოიცავს, რაც თავიდანვე იყო ჩადებული პროექტში.
მონიტორინგის ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტის „ქუთაისი - ეს მუშაობს“ საქმიანობის შედეგების შეფასება ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 10 აგვისტომდე. ასევე უნდა უზრუნველყოს შეფასებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვება - არსებული დოკუმენტაციის შესწავლის და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუების მეშვეობით. შესწავლილი დოკუმენტებით კი მოამზადოს ანგარიში, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
წინადადების მიღება 12 ივლისს სრულდება.
პროექტი " ქუთაისი ეს მუშაობს" 2014 წელს დაიწყო, მისი მიზანი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა იყო, რომლის ფარგლებში, ქუთაისის მერიის 2015–2016 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოხდებოდა. პროექტს თავდაპირველად საკრებულის წევრი მერაბ მეშველიანი ხელმძღვანელობდა. ამჟამად კი მერიის საგარეო ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი შორენა ხუხუა უძღვება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















