ქუთაისის მერია 18 იანვარს დამტკიცებულ ბიუჯეტში 7 861 000 ლარის ცვლილებას შეიტანს
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შედის. ცვლილებების პროექტი მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. არსებული მონაცემებით, ბიუჯეტში 7 861 000 ლარის ცვლილება შევიდა. 8 პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.
ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობისათვის 237 500 ლარია გათვალისწინებული, ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობაზე 263 300 ლარი, 64 700 ლარი დაიხარჯება მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციაზე. ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობა და რეაბილიტაცია 326 800 ლარი დაიხარჯება.
855 000 ლარად მოეწყობა სხვადასხვა სახეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტები. გზებისა და ტროტუარების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-პატრონობაზე დაიხარჯება 4 937,400 ლარი. ასევე ცვლილებები შედის მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობის პროექტში.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ მერიამ ბიუჯეტი ნაჩქარევად მიიღო, რამაც გამოიწვია ათ დღეში ცვლილებები.
"როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ათი დღეც არაა გასული ბიუჯეტის დამტკიცებიდან და მერიამ შემოიტანა ცვლილებები. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი იყო ნაჩქარევად მიღებული. გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან მივიღეთ თანხები, ჩასწორებები ხდება სხვადასხვა პროექტში, რადგან რეორგანიზაციის პროცესი თან სდევდა ამ ბიუჯეტის მიღებას, არ მომხდარა დროში გახილვა"-განაცხადა გიგა შუშანიამ, რომელიც ვარაუდობს, რომ მომდევნო ცვლილება თებერვალში განხორციელდება.
"ეს არაა საბოლოო ცვლილება, თებერვალში ახალი ჩასწორებები შევა ბიუჯეტში, ეს ნიშნავს, რომ მერიის და საკრებულოს უმრავლესობის მუშაობა არის არაეფექტური და არა გეგმიური, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით მოხდა ბიუჯეტის მიღება და საკრებულოს უმრავლესობა კვლავ რჩევა მერიის დამმოწმებლად და არა ზედამხედველად, რაც არის მათი ფუნქცია", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
საკრებულო ცვლილებებს ამ დროისთვის კომისიებში განიხილავს და სავარაუდოდ, ხვალ სხდომაზე დაამტკიცებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















