ქუთაისის მერიამ ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოების გამო "ჯეო სერვისს" ხელშეკრულება შეუწყვიტა
ქუთაისის მერიამ შპს "ჯეო სერვისთან" ხელშეკრულება შეწყვიტა. მიზეზი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მერიის ინფორმაციით, კომპანიას ვადაგადაცილების გამო ჯარიმის სახით დაახლოებით 140 ათასი ლარი დაერიცხება.
სამუშაოების დასრულების მიზნით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მიმდინარე კვირაში პირდაპირი წესით დადებს ხელშეკრულებას და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება.
ნიუპრესი დაუკავშირდა შპს "ჯეო სერვისს". კომპანიიიდან განგვიცხადეს -"აღნიშნული საკითხი ეხება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ჯეო სერვისს, რომლის საჯარო განხილვასაც ამ ეტაპზე არ ვაპირებთ".
ჩვენ დავუკავშირდით ქვეკონტრაქტორ კომპანიასაც, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ასრულებდა. შპს "ბ.ლ.გრუპი"-ს ხელმძღვანელმა მიხეილ იობიძემ საუბარი არ ისურვა, თუმცა უარყო, რომ ტაბიძის ქუჩის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები აუღებელი აქვთ.
შეგახსენებთ, ტაბიძის ქუჩაზე NAT190000403 ტენდერით სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. ქუჩაზე რამდენიმე დღეა სამუშაოები შეწყვეტილია. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო მუშები სამუშაოების განახლებაზე უარს ამბონენ.
ფაქტს ბრიფინგით გამოეხმაურა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი თქმით, მერმა კომპანიას მხოლოდ 232 000 ლარი გადაურიცხა. აღსანიშნავია, რომ მერიამ კონტრაქტის შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიას სამუშაოების ვადა 2 აგვისტომდე გაუგრძელა.
ფაქტს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია გამოეხმაურა, რომელმაც მერია პრობლემების შექმნასა და ფარულ გარიგებებში დაადანაშაულა.
"თუ ერთ კვირაში არ გააგრძელებენ მუშაობას, ხელშეკრულებას შევუწყვეტთ"- გიორგი ჭიღვარია
"ქუთაისის მერი აგრძელებს ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვას"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















