ქუთაისის მერია ოღასკურის სამუშაოებს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსის ნაჩუქარი პროექტით ასრულებს
ქუთაისის მერიას მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსმა აჩუქა. მას შემდეგ, რაც მერიამ ნატო ქათამაძის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა, რომ თვითმმართველობა ნაჩუქარი პროექტით მოქმედებდა, „ნიუპრესი“ პროექტის ავტორის განმარტებით დაინტერესდა.
ვაჟა ოქროპირაშვილის ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ ოქროპირაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრაზე იმყოფებოდა და მოგვიანებით გაგვესაუბრებოდა. დავინტერესდით, რომელ პარტიას წარმოადგენს ვაჟა ოქროპირაშვილი და გვითხრეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
ვაჟა ოქროპირაშვილთან გასაუბრება "რადიო თავისუფლებამ“ შეძლო. ჟურნალისტ თათა კაჭკაჭიშვილთან საუბარში მან დაადასტურა, ოღასკურის ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტზე მან იმუშავა. „მერიასთან შეთანხმებით გავაკეთე, როგორც უნდოდათ, ისე გაკეთდა“-განაცხადა ვაჟა ოქროპირაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ მათი ერთ-ერთი შტაბის უფროსი ვაჟა ოქროპირაშვილი ნამდვილად არის, თუმცა პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
რაც შეეხება ინდმეწარმე ვაჟა ოქროპირაშვილს, სატენდერო მონაცემებით, მას ქუთაისის მერიის, ასევე ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის რვა ტენდერი აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, ოღასკურის ფსკერის მობეტონების ფაქტს საზოგადოების რეაქცია მოყვა. ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით კი, 2016 წელს 30 ათას ლარად შეძენილ პროექტში ფსკერის მობეტონება არ შედიოდა. ქუთაისში მერიაში კი განმარტეს, რომ სამუშაოები სხვა პროექტით მიმდინარეობს, რომელიც ინდმეწარმე ვაჟა ოქროპირაშვილმა მერიას უსასყიდლოდ გადასცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















