ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო სასამართლოში უჩივიან
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, მხატვრების და საჯარო მოხელეების იტალიაში ვიზიტთან დაკავშირებით მერიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ 11 სექტემბერს ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა მერიამ პასუხი ამ დრომდე არ მიაწოდა. გიგა შუშანიას განცხადებით, სარჩელს "საიასთან" ერთად ამზადებს.
"იტალიაში მხატვრების გამგზავრების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხატვრებს იტალიაში გამგზავრებაში მერია დაეხმარა, შემდგომ მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა ხარჯი იტალიურმა მხარემ გაიღო. საჯარო მოხელეების და მხატვრების ვიზიტის შესახებ მერიისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე, თუმცა მერიამ ამ დრომდე არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, მერიამ ყველა ხარჯი ბიუჯეტიდან გაიღო, ამიტომ მალავს ამ ინფორმაციას, რის დადასტურებასაც სასამართლოს გზით ვაპირებთ. მთავარია, რომ მთელ ამბებში შეგვრჩა ვალში გადავარდნილი მხატვრები, რომლებიც საკუთარი სახსრებით გაემგზავრენ და დაპირებული თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ",-განაცხადა გიგა შუშანიამ.
საჯარო ინფორმაციის დამალვის ბრალდებასთან დაკავშირებით "ნიუპრესმა" მასალა 1-ელ ოქტომბერს მოამზადა, რა დროსაც მერიაში განგვიცხადეს, რომ შუშანია ინფორმაციას იმ დღესვე მიიღებდა.
შეგახსენებთ, იტალიაში, ქალაქ კოზენცაში მხატვრები აგვისტოში გაემგზავრენ, სადაც ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი შეიქმნა, რასაც პროტესტი მოყვა. მერიაში განმარტავდნენ, რომ მხატვარმა მერის პორტრეტი მადლიერების გამო შექმნა.
შუშანიას განცხადების პასუხად, მერიაში დღეს განაცხადეს, რომ "მერიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ბიუჯეტიდან დაფინანსდა." რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის დამალვის ნაწილს, საკითხი კვლავ ღიად რჩება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















