ქუთაისის მერიაში საახალწლო განათებებზე დაზოგილ თანხაზე განმარტებას აკეთებენ
ქუთაისის მერიის განცხადებით, საახალწლო განათებებზე გაწეული ეკონომიების შედეგად აუტისტურის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მკურნალობა დაფინანსდა.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, 30 ათასი ლარის ეკონომია ქალაქის საახალწლო განათებისთვის განსაზღვრული 110 000 ლარიდან გაკეთდა.
გაწეული ეკონომიის დეტალებით "ნიუპრესი" დაინტერესდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობის შესაძენად მერიამ 109 873 ლარი გამოყო. თვითმმართველობამ საახალწლო დეკორაციების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა. 97 141 ლარის ფარგლებში გამოცხადებული NAT180016266 ელექტრონული ტენდერის თანახმად, საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვის მიზნით შპს-სთან "დანდი" მერიამ 94 804 ლარის ხეკლშეკრულება გააფორმა.
NAT180016338 ელექტრონული ტენდერის მიხედვით, შპს მარტ სთილთან საახალწლო დეკორაციებისთვის ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენის მიზნით 11 682 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.
გარდა ამისა, ქუთაისის მერია საახალწლო ფოიერვერკებისათვის 16 408 ლარს გადაიხდის.
აღნიშნული დოკუმენტაციის თანახმად, 110 ლარში გაწეული არ დასტურდება. ინფორმაციის დაზუსტებისათვის კვლავ ქალაქის მერიას დავუკავშირდით. როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, საახალწლო განათებებისათვის ბიუჯეტში 150 ათასი ლარი იყო დარჩენილი, საიდანაც 30 ათასი ლარი წინასწარ დაიზოგა.
"150 ათასი ლარი იყო განსაზღვრული საახალწლო განათებების შესაძენად, ამ თანხიდან თავიდან შევიძინეთ 11 ათასი ლარის რკინის კონსტრუქციები, შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი 97 ათას ლარზე. ჯამში დაიხარჯა დაახლოებით 108 ათასი ლარი. დარჩენილი 40 ათასი ლარიდან 30 ათასი, მერის გადაწყვეტილებით, გადარიცხული იქნა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიაზე, ჩვენ შეგვეძლო 139 ათას ლარზე გამოგვეცხადებინა ტენდერი, მაგრამ ეს თანხა თავიდანვე დაიზოგა", - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული 30 ათასი ლარი სარეზერვო ფონდში გადავიდა, საიდანაც მერის ბრძანებით ბავშვების თერაპია დაფინანსდება. გარდა ამ თანხისა, ნიშნიანიძის განმარტებით, 2019 წლის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების თერაპიისათვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება საახალწლო განათებებს, მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში საახალწლო განათებებისათვის 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 150 ათასი ლარი დაიხარჯა იანვარშივე წინა წლის განათებების ხარჯის დასაფარად.
შეგახსენებთ, ქუთაისში ქალაქის საახალწლო დეკორაციებით მორთვა ჯერ არ დასრულება, მოკრძალებული საახალწლო დეკორაციების გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რის საპასუხოდაც მერიაში განაცხადეს, რომ ეკონომია ბავშვების თერაპიის სასარგებლოდ გაკეთდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















