"ქუთაისის მერიის თანამშრომლები გუბაზ სანიკიძის შეურაცხმყოფელ ფოტოებს ავრცელებენ"
ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეების მიერ გუბაზ სანიკიძის შეურაცხმყოფელი პოსტის გაზიარება საკრებულოზე დეპუტატების განცხადების მიზეზი გახდა. "ეროვნული ფორუმის" ქუთაისის ოფისის წევრებმა საჯარო მოხელეებს ქცევის გაკონტროლებისკენ მოუწოდეს. კახაბერ დვალიშვილისა და გელა გაბადაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის შეურაცხმყოფელ ფოტოებს საჯარო მოხელეები აზიარებდნენ.
"მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, მიხედეთ თქვენს ქცევას და ნუ ცდილობთ მტრის ხატის შექმნას ვინმესგან. ის, რაც გავრცელდა და რაც საჯარო მოხელეების მიერ გაზიარდა, არის ამორალური. არავის შეურაცხყოფა კარგ შედეგს არ მოიტანს. იმედი მაქვს, რისთვისაც 4 წელი ვიბრძოდით, არ დაინგრევა და ისევ უკან არ წავალთ", – განაცხადა კახაბერ დვალიშვილმა.
გელა გაბადაძის განცხადებით, ფოტოს შინაარსზე და საჯარო მოხელეების ვინაობაზე ამჯერად დეტალურად არ ისაუბრებს. მისი თქმით, საჯარო მოხელეების ვინაობას ფაქტის განმეორების შემთხვევაში გაასაჯაროვებს.
დეპუტატების თქმით, "ეროვნული ფორუმის" მიმართ ბრძოლა ლიდერების განცხადებებმა გამოიწვია, მათ შორის ანი მიროტაძის, რომელმაც თქვა, რომ რუსთავი 2–ის დასაცავად ქუჩაში გავა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















