ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნანა კაკურია სამსახურში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქუთაისის ბაღების გაერთიანების საჩივარი და # 15 ბაგა-ბაღის გამგე ნანა კაკურია სამსახურში დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება დღეს გამოაცხადა.
ადვოკატ რობინზონ ხურცილავას განცხადებით, ბაღების გაერთიანება ნანა კაკურიას სამსახურიდან გათავისუფლებას მას შემდეგ ითხოვდა, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ძველ პოზიციაზე აღადგინეს.
გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში სწორედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ამ დროისათვის ბაღების გაერთიანებას ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, გააგრელებს თუ არა დავას ნანა კაკურიას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში, არ აქვს. ადვოკატი რობინზონ ხურცილავა კი აცხადებს, რომ საქმე უზენაეს სასამართლოშიც იმავე შედეგით დასრულდება.
შესაძლოა, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს გაერთიანების N1; 13 ფილიალების ხელმძღვანელების ზაალ ხონელიძისა და მაკა აბულაძის წინააღმდეგ დავა. გაერთიანების იურისტის, რამაზ იობიძის თქმით, მათი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გასაჩივრდა, თუმცა ჯერჯერობით, არ არის ცნობილი მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში უზენაესი სასამართლო.
შეგახსენებთ, ფილიალის ხელმძღვანელები ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2015 წელს ჩატარებული გაფიცვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამ ეტაპზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ არსებული საქმის განხილვა შეჩერებულია.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















