“ქუთაისს უნდა დავუბრუნოთ „ქართული ოცნების“ მიერ მოკლული იდეა“
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, აკაკი ბობოხიძის მთავარი დაპირება ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნებაა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმერეთი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისს უნდა დავუბრუნოთ "ქართული ოცნების" მიერ მოკლული იდეა - „ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი“. იმედი მაქვს, რომ იმერეთი გაისიგრძეგანებს ამ იდეის აუცილებლობას და ქუთაისი და დასავლეთ საქართველო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, დადგება იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით, რომელიც ამ რეგიონს სთავზობს პოლიტიკურ იდეას, სახელად - ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი. აღნიშნული იდეის გასავითარებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომპეტენტური კადრები დაასახელა“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქუთაისის საუნივერსიტეტო სტატუსზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ყოველგვარი სხვა ფუნქციის გარეშე არის მოტყუება ქალაქის.
„საუნივერსიტეტო ქალაქი, ყოველგვარი სხვა ფუნქციის გარეშე არის მოტყუება ქუთაისის. ქალაქს, რომელსაც აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია და არ გააჩნია მეტი სტატუსი, ვერ იქნება განვითარებადი. საპარლამენტო ქალაქი თავისთავად მოიცავს სხვადასხვა ფუნქციას, მათ შორის საგანმანათლებლოსაც და ჩვენ ამას ვთავაზობთ ქუთაისს“,-განაცხადა ბობოხიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















