"ქუთაისს ბევრი ახსოვს თბილისიდან ჩამოსული დეპუტატები, რომლებიც არჩევნების შემდეგ გარბიან"
„ქუთაისს ბევრი ახსოვს თბილისიდან ჩამოსული დეპუტატები, რომლებიც არჩევნების შემდეგ გარბიან ამ ქალაქიდან, ამიტომ მოქალაქეებმა არჩევანი იმ ადამიანებზე უნდა გააკეთონ, რომლებმაც იციან მათი პრობლემები“, - ასეთ შეფასებას აძლევს კონკურენტებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.
წულაია არჩევნებში კენჭს „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზოციის“ სახელით #49-ე ოლქში იყრის.
წულაის განცხადებით, მმართველმა პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისს შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც არაქუთაისელები დაასახელეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად.
„ქუთაისში ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ამ ქალაქის პრობლემებზე, უყვართ ეს ქალაქი და არჩევნების შემდეგ აქედან არ გარბიან. ქუთაისელებმაც ამის მიხედვით უნდა გააკეთონ არჩევანი, უნდა მიხვდნენ, რომ თბილისელები ქუთაისში არ გაჩერდებიან და მათ პრობლემებზე არ იზრუნებენ“, - განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაია მის სამომავლო გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზეც საუბრობს, მისი განცხადებით, ცრუ დაპირებებს არ გასცემს.
„არავის შევუქმნი ილუზიას და არ დავიწყებ ზღაპრებს, რომ არჩევნების მეორე დღესვე გაიზრდება პენსია ხუთას ლარამდე, ან ყველა ოჯახში მივალ და მოვიკითხავ, მაგრამ მე ვიქნები მზად მივიღო ყველა ადამიანი და გავეცნო მათ პრობლემებს. ჩემი მიზანია ქუთაისმა შეიძინოს ფუნქცია და განვითარდეს, რისთვისაც ვიბრძოლებ პარლამენტში“, -განაცხადა წულაიამ.
გოგი წულაია გაერთიანებული ოპოზიციის მესამე კანდიდატია, თუმცა ის ოფიციალურად წარდგენილი არ არის. როგორც წულაია აცხადებს, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება შედგა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















