ქუთაისში, გამსახურდიას 21 ნომერში ფასადის ნაწილი ჩამოინგრა
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის 21 ნომერში შენობის ფასადის ნგრევას მოქალაქეების შემთხვევით გადაურჩნენ. ადგილობრივების განცხადებით, კორპუსი ავარიულია და აგურები და ფასადის ნაწილები სისტემატიურად ცვივა. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამდროისთვის ტერიტორია შემოღობილი არის, თუმცა მიმდებარედ განთავსებული სავაჭრო დაწესებულების გამო მოქალაქეებს ადგილზე გადაადგილება სისტემატიურად უწევთ.
გამსახურდიას 21ნომერში შენობის ფასადის ნგრების გამო რამდენიმე ხნის წინ ადგილზე აქცია გამართა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ და ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
მერიაში აცხადებენ, რომ არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თანადაფინანსებით ახდენენ მათი კორპუსების პარაპეტების რეაბილიტაციას. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება თანადაფინასებით მოხდეს ფასადების რეაბილიტაცია. მერიაში ასევე განმარტავენ, რადგან კორპუსები კერძო საკუთრებაა, მხოლოდ მერიის დაფინანსებით მათი სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდება.
შენობას ასევე აქვს პარაპეტის პრობლემა, თუმცა მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას ოფიციალურად პარაპეტის რეაბილიტაცია არ მოუთხოვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი