ვის უხდიან ქუთაისში გარემოვაჭრეები გადასახადს? (VIDEO)
„გარემოვაჭრეები ადგილის სანაცვლოდ გადასახადს იხდიან“,- ამის შესახებ „ნიუპრესს“ ჭავჭავაძის ბაზრის მოვაჭრეებმა შეატყობინეს. როგორც “ნიუპრესის“ ობიექტივმა დააფიქსირა, ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარზე მყოფ მოვაჭრეებს პიროვნება თანხას ართმევს, სანაცვლოდ კი ქვითარს უბრუნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოვაჭრეები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ ადგილი, სადაც სხედან, შესყიდული აქვთ.
ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, ტროტუარზე ვაჭრობის დასაწყებად შეთანხმება მერიაშია საჭირო.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეებს არანაირ თანხას არ თხოვენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მათ თანხას ართმევს, ამის შესახებ შესაბამის სამსახურებს განცხადებით უნდა მიმართონ.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ზოგ შემთხვევაში გარემოვაჭრეებს ადგილები იჯარით აქვთ აღებული, რომელსაც მათი თქმით, შესაძლოა მესამე პირზე აქირავებდნენ.
ქუთაისში გარევაჭრობა ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც წლების განმავლობაში დაპირისპირების საგანია. დღევანდელი კანონმდებლობით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით რეგულაციები არ ხორციელდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















