ქუთაისში „მადლიერების სახლის“ მომსახურებით 800 ბენეფიციარი სარგებლობს
ქუთაისში „მადლიერების სახლის“ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ შპს „A+B“ შეასრულა. სამუშაოებისათვის 45 000 ლარი გამოიყო.
„მადლიერების სახლის“ დირექტორის რეზო ჩახუნაშვილის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასადილო დარბაზს, ასევე სამზარეულოსა და სააბაზანოს. მადლიერების სახლის საკვებით დღეში ერთჯერადად 800 ბენეფიციარი სარგებლობს.
„ბენეფიციარების რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. მათ შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად ისარგებლონ საკვებით. შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობის გაზრდა“,-განაცხადა რეზო ჩახუნაშვილმა.
რეაბილიტირებული დარბაზი ქუთაისის მერმა დაათვალიერა. შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, „მადლიერების სახლში“ იყო კარგი გარემო, მოხდეს სანიტარული ნორმების დაცვა.
„ამ მომსახურებით ყოველდღიურად 800 ადამიანი სარგებლობს და მნიშვნელოვანია მათთვის სათანადო გარემო. აქ დადიან ადამიანები, რომლებიც შეჭირვებულები არიან, მაგრამ მათ დიდი როლი აქვთ შეტანილი ქალაქის განვითარებაში, მათ სჭირდებათ დაფასება“-განაცხადა შოთა მურღულიამ. შესრულებული სამუშაოების აღსანიშნად ბენეფიციარებს ტორტით გაუმასპინძლდნენ.
„მადლიერების სახლი“ 20 წლისაა, მისი ბიუჯეტი 60 000 ლარია, ბენეფიციარებს ყოველდღიურად 32 თანამშრომელი ემსახურება.
"მადლიერების სახლის" მომსახურებით კმაყოფილებას გამოთქვამენ ბენეფიციარები. ეთერ ნემსიწვერიძის განცხადებით, ის საკვებით ყოველდღიურად სარგებლობს, რაც მეტწილად მისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















