ქუთაისში ოტია იოსელიანის ბიუსტი და მისი სახელობის ხეივანი გაიხსნა
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მწერალ ოტია იოსელიანის ბიუსტი და მისი სახელობის ხეივანი გახსნეს. ბიუსტი ქალაქის ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ და მწერლის შვილიშვილმა, ოტია იოსელიანმა გახსნეს. ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები, ახლობლები და უბრალოდ, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები იმყოფებოდნენ.
ბიუსტი მოქანდაკე გურამ კვიმსაძემ შექმნა, თუმცა მის დასრულებას ვერ მოესწრო. ის რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ნამუშევარს საბოლოო სახე მხატვარმა და მოქანდაკემ გიორგი კიკვაძემ მისცა. ცნობილი მწერლის შვილი დაჩი იოსელიანი იმედოვნებს, რომ საზოგადოებამ იცის ამ ბიუსტის მნიშვნელობა და მას არ დააზიანებენ.
"მამას უყვარდა სიმართლის თქმა, რომელიც ძალიან მწარე იყო ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. მისი გამოსვლები, არასდროს იყო იავარდებით მოფენილი, თუმცა ყველას უყვარდა. იმედი მაქვს, საზოგადოებამ იცის ამ ბიუსტის მნიშვნელობა და მას არ დააზიანებენ და ჯართში არ ჩააბარებენ",-აღნიშნა ოტია იოსელიანის შვილმა.
ბიუსტის შექმნისა და ხეივნის გახსნის იდეა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორს, გიზო თავაძეს ეკუთვნის.
"დღეს არის ოტია იოსელიანის დაბადების დღე და მის საპატივცემულოდ გავხსენით ბიუსტი და ხეივანი. რამდენიმე თვის წინ რეზო ჭეიშვილის სახელობის ხეივანიც გავხსენით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი წინაპრების, ღირშესანიშნავი ადამიანების მოღვაწეობა და შემოქმედება",-აღნიშნა გიზო თავაძემ.
ოტია იოსელიანს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















