ქუთაისში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მედია ცენტრის გახსნას დღეს ქუთაისში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მედიაცენტრები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისათვის უსაფრთხო და ნეიტრალურ გარემოს წარმოადგენს, საქართველოს 10 ქალაქში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, ერთდროულად გაიხსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მედია ცენტრის არსებობა წინასაარჩევნო პროცესში. ერთია, როცა შენს პარტიულ ოფისში აკეთებ ბრიფინგს და სხვაა, როცა ნეიტრალურ, მიუკერძოებელ მოედანზე გეძლევა ამის საშუალება. წინასაარჩევნო პეროიდი, შესაძლოა საკმაოდ ხისტ გარემოში წარიმართოს, ამიტომ ინტერაქცია, საჯაროობა და მედიასთან ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარების საშუალებას გვაძლევს, იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური დაცულობის საშუალება თითოეული ჩვენთაგანისათვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით კი, ამ შესაძლებლობებით არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ამომრჩეველმაც უნდა ისარგებლოს.
„მნიშვნელოვანია მედია ცენტრის გახსნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. პოლიტიკური პარტიები, მაჟორიტარობის კანდიდატები ამ ცენტრის საშუალებით მეტ ინფორმაციას მივაწვდით ამომრჩეველს. აქვე მოსახლეობასაც მივმართავ, მათთვისაც ღიაა ეს კარი, შეუძლიათ დაესწრონ ამ შეხვედრებს დაუსვან კითხვები კანდიდატებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია“,-განაცხადა წულაიმ.
ცენტრის კოორდინატორის, ქეთი ცებაძის განცხადებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ორმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩაატარა ამომრჩეველთან შეხვედრა, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ კი თავიანთი წევრებისათვის გამართა ტრენინგი. „ეს შეხვედრები როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე ამომრჩევლისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გაიგოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მზაობა, მისი პროგრამა, დამოკიდებულება ამ თუ იმ საკითხისადმი. შესაძლებლობა ეძლევა სამოქალაქო საზოგადოებასაც“, -განაცხადა ქეთრი ციბაძემ.
მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















