"საბჭოთა სიმბოლიკის არსებობა თავისუფლების იდეას ეწინააღმდეგება"
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საბჭოთა სიმბოლიკის არსებობას აპროტესტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვახტანგ სიხარულიძემ და მხატვარმა ირაკლი ჩოგოვაძემ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს.
სიხარულიძის განცხადებით, საბჭოთა სიმბოლიკის არსებობა თავისუფლების იდეას ეწინააღმდეგება.
"უნდა დამთავრდეს ორმაგი სტანდარებით ცხოვრება, ერთის მხრივ, პატივს მივაგებთ თავისუფლებისათვის მებრძოლ მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელმაც "საშინაო დავალებად" ევროპისაკენ სწრაფვა დაგვიტოვა და მეორე მხრივ, ვერ ველევით საბჭოთა წარსულს. საჭოთა სიმბოლიკის შემცველი ელემენტები ვერ მოშალეს ჩვენს ქალაქში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს თავისუფლების იდეას. ქალაქში გვაქვს თავისუფლებისათის მებრძოლი უკრაინელი ხალხის ჯალათის ვასილ კიკვიძის ქანდაკება, ვერა და ვერ გამოჩინა ნება ქალაქის ხელმძღვანელობამ, რომ მიიღოს ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება და საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ძეგლის დემონტაჟი მოხდეს"-განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ.
მისი თქმით, ასევე შეუსაბამობაა, რომ კიკვიძის სახელი ამოტვიფრულია პირველი სკოლის სახელოვან კურსდამთავრებულთა ჩამონათვალში, ქალაქში შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის მებრძოლების, მათ შორის წითელი გენერლის კონსტანტინე ლესელიძის სახელობის ქუჩები.
ძეგლის აღების აუცილებლობაზე ისაუბრა მოქანდაკე ირაკლი ჩოგოვაძემ.
"ძეგლი დაიდგა 1959 წელს, ის ეკუთვნის ცნობილ მოქანდაკეებს ვალერიან მიზანდარს და გოგილო ნიკოლაძეს, რის გამოც თავს იკავებენ ამ ძეგლის აღებაზე. ეს არ არის ჯეროვანი გამართლება, იმავე საავტორო ჯგუფის მიერ არის შექმნილი პირველი სკოლის წინ მაიაკოვსკის ძეგლი, რისი საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს. თუ რა ბედი ეწევა კიკვიძის ძეგლს აღების შემდეგ, ეს უნდა გადაწყვიტონ კომპეტენტურმა ადამიანებმა. შესაძლოა, ძეგლი განთავსდეს გალერეას საცავში, ან გადაეცეს ოკუპაციის მუზეუმს", -განაცხადა ირაკლი ჩოგოვაძემ.
ქუთაისის მერიას საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, საბჭოთა სიმბოლიკის მოშლას, ასევე კიკვიძის ძეგლის აღებას ქუთაისში რამდენიმე წელია, უშედეგოდ ითხოვენ.
"შრომის დიდების მემორიალის" რესტავრაციისათვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები ქუთაისში გასულ წელს დაიწყო, თუმცა ადგილზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ასევე ვერ გადაწყდა რუსთაველის ძეგლის დადგმის საკითხი, რომლისათვისაც სწორედ კიკვიძის ძეგლის ადგილი მოიაზრებოდა.
"დიდება შრომას!"–საბჭოთა სიმბოლიკები ქუთაისში
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















