|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსახლკაროები ქუთაისის მერიისაგან ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ

ქუთაისში სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები მერიისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სოციალურად დაუცველი  "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ოფისში შეიკრიბა. როგორც მათ აღნიშნეს,  ნაწილი ქირით, ნაწილი კი მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. როგორც სოციალურად დაუცველი ჟუჟუნა ჩუბინიძე აცხადებს, ის 10 წელია მიტოვებულ შენობაშია შესახლებული. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში დახმარების მოლოდინშია, თუმცა  იმედი დღითი დღე ეკარგება.

"წლებია, მიტოვებულ შენობაში ვცხოვრობ, სადაც არც წყალი მაქვს და არც დენი. სამაგიეროდ,  წყალი  ჭერიდან ჩამოდის, შენობა ამორტიზირებულია, არ ვიცი, როდის ჩამოიშლება, ან როდის მოვა პატრონი და გამოგვაძევებს სახლიდან. მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მივმართე, თუმცა პასუხი ხან უარყოფითია, ხან მეუბნებიან, რომ შემდეგი წლისთვის გაითვალისწინებენ, თუმცა აღარაფრის მჯერა. კიდევ ერთხელ ვთხოვ ადგილობრივ თვითმმართველობას, შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში და გაგვიწიოს დახმარება",-აღნიშნა ჟუჟუნა ჩუბინიძემ.

სოციალურად დაუცველებს იურიდიული კონსულტაცია "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა"  გაუწია. პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს მეტი ყურადღება გამოიჩინოს ამ ადამიანების მიმართ.

"ჩვენ, ამ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ვუწევთ იურიდიულ კონსულტაციას. ასევე,  ადგილობრივ თვითმართველობასთან ურთიერთობისთვის წერილები დავაწერინეთ, თუმცა, რეაგირება არ მოყვა. ამ ადამიანების დასახმარებლად ქუთაისის მერიას გამოეყო 2 მილიონზე მეტი ლარი, რომლითაც უნდა უზრუნველყონ უსახლკაროების, ქირით მცხოვრები ადამიანების დაბინავება. მათ უამრავი შეკითხვები აქვთ, ჩვენ ვთხოვთ ადგილობრივ თვითმმართველობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ადამიანების მიმართ და უპასუხონ მათ შეკითხვებს, როდის მოხდება მათი ბინით დაკმაყოფილება",-განაცხადა ცამციშვილმა.

ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, პირველი საცხოვრისი ქუთაისში თებერვალში აშენდება, რომლითაც მოხდება ყველაზე შეჭირვებული, სოციალურად დაუცველების დაბინავება. 

"ქუთაისში 700-ზე მეტი უბინაო ოჯახია დარეგისტრირებული. პირველად, 2016 წლის ბიუჯეტში საცხოვრისის მშენებლობისთვის ერთი მილიონი ლარი  გამოიყო. ამ თვის ბოლომდე აუცილებლად გამოცხადება ტენდერი. 2017 წლის თებერვლამდე მივიღებთ პირველ საცხოვრისს ქუთაისში, რომელშიც მოხდება ამ ოჯახების ნაწილის დაკმაყოფილება",-აღნიშნა მიქიაშვილმა.

მიქიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პირველ ეტაპზე  რამდენი ადამიანი დაკმაყოფილდება. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა