"რა დავაშავეთ, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებთ?"
ქუთაისში, ნინოშვილის სკვერი ერთ-ერთია იმ რეკრეაციული ზონიდან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. თუმცა მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, სკვერში მდებარე შადრევანი გამორთული და დაბინძურებულია. ადგილობრივი მცხოვრებლები შადრევანის ჩართვას ითხოვენ.
„საღამოობით შადრევანი გამორთულია, მხოლოდ ნათურები ნათდება, წყალი არ მოდის. აქ მოვდივართ, რომ ცოტა გავგრილდეთ, მაგრამ ამ სიცხეში აქაც ვერ ვჩერდებით. რა დავაშავეთ, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ვარხერხებთ. თუ გააკეთეს, ხომ შეიძლება, მოუარონ. რა აზრი აქვს სკვერის მოწყობას, თუ ვერ მოვახერხებთ აქ მოსვლას და განტვირთვას. შადრევანის აუზი საშინლად არის დაბინძურებული. შიგნით სიგარეტის ნამწვები და ერთჯერადი პარკები ყრია. მართალია, რომ მოსახლეობა აბინძურებს, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურმა გააკონტროლოს და თუ საჭიროა დააჯარიმოს“,-აღნიშნა ქეთევან სოფრომაძემ.
დაბინძურებულ შადრევანთან ერთად პრობლემას დაზიანებული ატრაქციონები და დამტვრეული ლამპიონებიც ქმნის.
„ატრაქციონებზე ბავშვის გართობა უკვე რისკის შემცვლელია. დამტვრეულია და შესაძლოა ბავშვები გადმოვარდნენ. საერთოდ დაუცველია. კარგია რომ გაგვიკეთეს, მაგრამ ყურადღება ხომ უნდა მიექცეს. ვიდეო კონტროლი გააკეთონ. თავადაც ხომ უნდა გაუფრთხილდნენ ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხას. რა აზრი აქვს უკვე ამ სკვერის ფუნქციონირებას, ყველაფერი დალეწილი და მოუვლელია“,-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ლალი ტუკვაძემ.
ატრაქციონები დაზიანებული, რომ არის ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატებიც საუბრობენ. რომიზონ წინწკალაძის განცხადებით, ატრაქციონები ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანი რამდენიმე დღით საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო იყო გათიშული.
"შადრევანი რამდენიმე დღე საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო იყო გათიშული. თუმცა ახლა ჩართულია და ღამის 12 საათამდე მუშაობს. ისევე, როგორც სხვა შადრევანები ქალაქში. რაც შეეხება ატრაქციონებს, რა თქმა უნდა, არის ადგილები, სადაც დაზიანდა და ეს ჩვეულებრივი ფაქტია. პლასტმასია და ოდესღაც ალბათ დაზიანდება, მაგრამ გამოცხადებულია ტენდერი ექსპლუატაციაზე და ამორტიზებული ატრაქციონები შეკეთდება",-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ნინოშვლის ბაღის რეაბილიტაცია 2012 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს MTM-ის მიერ განხორციელდა. სკვერის მოწყობითვის 560 865 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს სკვერის მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, პროტესტის მიუხედავად მშენებლობა გრძელდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















