|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ყვება გოგონა, რომელიც ტყიბულში ქედიდან გადავარდა?

  გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ,  ტყიბულში ერთ–ერთი ქედიდან გადმოვარდა, დღეს საავადმყოფოდან ბინაზე გაწერეს. 26 წლის  თეონა ფურცხვანიძე ჯგუფთან ერთად "მთასაყდარზე" მიდიოდა მოსალოცად, რა დროსაც თოვლზე ფეხი დაუცურდა და ბილიკიდან გადავარდა. როგორც თეონა  "ნიუპრესთან" საუბარში იხსენებს,  15 მეტრი სიმაღლიდან დაგორდა.

"მთასაყდარში" მივდიოდით სალოცავად,  ერთ–ერთ ქედზე ჯგუფთან ერთად  გადავაადგილდებოდი. მეხმარებოდნენ მეგობრები, მაგრამ ერთ მომენტში ჩემთვის ხელი არავის ეკიდა. თოვლის საფარზე ფეხი დამიცურდა, დავსრიალდი და დავგორდი. გონება არ დამიკარგავს, მახსოვს, რამდენიმე ბრუნი გავაკეთე ჰაერში და მთელი ძალით ვეცემოდი  ლოდებზე. დაახლოებით 15 მეტრი სიმაღლიდან ჩავვარდი. ბოლოს, რომ დავეცი, მივხვდი, რომ განძრევა არ შემეძლო. ყველაფერი მაწუხებდა. მეგობრებიც მალე მოვიდნენ დასახმარებლად, მაგრამ მე სიარული არ შემეძლო და მაშველების დახმარება გახდა საჭირო", –განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

მისი თქმით, ადგილამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკით მისვლა არის შესაძლლებელი და იქედან მისი  საკაცით  გამოყვანა შეუძლებელი იყო.  როგორც ის იხსენებს, მას ადგილზე ყოფნა დაახლოებით სამი საათი მოუწია, რადგან თავდაპირველად ვერტმფრენის გამოშვებაზე უარს ეუბნებოდნენ. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც  ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

"ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალზეა ეს ადგილი და ავტომობილი ვერ მიდის, საკაცით ჩემი ჩამოყვანა შეუძებელი იყო. მესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ ჩემი მეგობრები სამაშველო სამსახურს, რომ ჟურნალისტებს მიაწვდიდნენ ინფორმაციას. სწორედ ამის შემდეგ გამოუშვეს ვერტმფრენი. მე მესმის, რომ ყველგან ვერტმფრენს ვერ გააგზავნიან, მაგრამ იქნებ მოწესრიგდეს ისე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გაუშვან. მე სისხლდენა არ მქონდა, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ვერ მომისწრებდნენ და სისხლისგან დავიცლებოდი. ვერტმფრენი რომ არ მოსულიყო, იქედან ვერ გამომიყვანდნენ და გავიყინებოდი", -აცხადებს თეონა ფურცხვანიძე. 

მას მარცხენა მხრის ლავიწის ძვლის მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება.

თეონა ფურცხვანიძე ქუთაისში ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში იურისტად მუშაობს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი