რეგიონულმა ტელეკომპანიებმა თვითმმართველობებიდან 1 მლნ. ლარი მიიღეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც რეგიონულ ტელეკომპანიებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებულ შეთანხმებებს გულისხმობს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე რეგიონულ ტელეკომპანიებს თითქმის 1 მლნ. ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმეს. ზოგიერთი ხელშეკრულება ითვალისწინებს ისეთი მომსახურების მიწოდებას (მაგ: საეთერო დროის შესყიდვა, გადაცემების და სიუჟეტების მომზადება), რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ” კანონით და, ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 661 მუხლის პუნქტი 1–ით, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ორგანიზაციამ აღნიშნული შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ტენდერებიდან მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებიდან მიღებული თანხა ტელეკომპანიების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
ანგარიშში მოხვდა ტელეკომპანია "რიონი". 2015-2016 წლებში ქუთაისის მერიას „ტელერადიოკომპანია რიონთან” 13 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულებაც 200,000 ლარზე მეტია. ამ ხელშეკრულებებში სოციალური რეკლამისა და განცხადებების განთავსებასთან ერთად გვხვდება შემდეგი სახის მომსახურებები: მერიის მიერ ორგანიზებული სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების გაშუქება, საზოგადოებრივი თოქ-შოუების მომზადება და გაშვება, გადაცემების მომზადება სპორტსმენების პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. მსგავსი სახის მომსახურება რიონმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსაც გაუწია. კერძოდ, 3 500 ლარიანი ხელშეკრულება მოიცავდა ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ორი 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის მომზადებას და ეთერში გაშვებას.
ანგარიშში ასევე მოხვდნენ ხონის, ჭიათურის, ზესტაფონის და საჩხერის ტელევიზიები.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი პასუხობს. მის განცხადებით, შესყიდვა მუნიციპალიტეტის თუ თვითმმართველობის მხრიდან არ უნდა იყოს სტერეოტიპიზირებული.
"ის, რომ მედია იღებს შესყიდვას მუნიციპალიტეტის თუ თვითმმართველობის მხრიდან არ უნდა იყოს სტერეოტიპიზირებული. ამგვარი შესყიდვების სრული აკრძალვა არ იქნებოდა სწორი, ამიტომ კანონში ჩაიდო გამჭვირვალობის მექანიზმი - ტენდერის საფუძველზე. ასეთი შესყიდვები შეიძლება იყოს რისკების მატარებელი იმ შემთხვევაში, თუ მას გავლენა ექნება შინაარსობრივ ნაწილზე, რასაც სჭირდება შესაბამისი მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ ამგვარი შესყიდვით ხდება, მაგალითად, საკრებულოს სხდომების უცვლელი სახით ეთერში ტრანსლირება, რისი გაკეთებაც თავისი ძალებით არ შეუძლია მაუწყებელს, ესაა კარგი შესყიდვა და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამიტომ აქ არ არსებობს მზა პასუხი იმაზე, რომ თუ მედიასაშუალება მუნიციპალიტეტისგან ფულს იღებს - აქ აუცილებლად იქნება გავლენა შინაარსზე” - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















