როგორ უყურებენ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის საკითხს ქუთაისელი პოლიტიკოსები?
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ქვეყნის საგარეო ორიენტაციის საკითხზე პარტიების პოზიციის დაფიქსირებას ისახავდა მიზნად, ქუთაისის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და ქალაქის მაჟორიტარი დეპოუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
ქვეყნის საგარეო ორიენტაციის საკითხზე განსხვავებული ხედვა მხოლოდ საარჩევნო ბლოკის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კი ამ დროს ქუთაისის მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
ოპოზიციური სპექტრიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს წევრი გია უკლება წარმოადგენდა, რომელსაც გარკვეული დროით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტარი გიგი წერეთელი შეუერთდა. „ახალი მემარჯვენეების“ სახელით პარტიის პოზიცია ვანო კაპანაძემ გამოხატა, „გირჩის“- ირაკლი ჯულაყიძემ, „ახალი საქართველოს“ ხედვა ზაალ ხონელიძემ წარმოადგინა, „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით კი პარტიის საქალაქო ორგანიზაციით თავმჯდომარემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი ხაზარაძემ ისაუბრა. „რესპუბლიკელების“ პოზიცია ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნატო ქათამაძემ დაააფიქსირა.
წარმოდგენილი პოლიტიკოსები ცალსახად მხარს უჭერენ ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას ქვეყნის ევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით. დებატების მეორე მხარეს მხოლოდ გოგი წულაია და გია ბახტაძე აღმოჩნდნენ. გოგი წულაიას განცხადებით, მისი პარტია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა. მისი თქმით, ქვეყნის ორიენტაციასთნ დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება არ შეიძლება. „ჩვენი პარტიის მიზანი ნატო არაა, არამედ ესაა საშუალება ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად“-განაცხადა მან. რაც შეეხება ქუთაისის #48 ოლქის „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გია ბახტაძეს, ის უფრო რადიკალური აღმოჩნდა და განაცხადა, რომ „იყო ქართველი, არ ნიშნავს ევროპელობას“, და საქართველოს თავისი არჩევანის გაკეთებისას მეტი სიფრთხილე მართებს, ხოლო რუსეთთან დაპირისპირება ხეირს არ მოგვიტანს, აღნიშნა მან.
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, ქეთი ბიბილეიშვილის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობას პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წინასაარჩვენოდ სხვადასხვა თემებზე დისკუსიები გაგრძელდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















