|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 31 737–ით შემცირდა

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებს და მათ შესწავლას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა შემცირებულია. "უკვე ერთი წელია (2015 წლის 1 მაისიდან), რაც ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით ხორციელდება ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სარეიტინგო ქულის მინიჭება. ამავდროულად, განხორციელდა სარეიტინგო ქულების გრადაცია და ახლებურად განისაზღვრა საარსებო შემწეობების ოდენობა. კერძოდ, ოჯახის ნებისმიერ წევრზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, საარსებო შემწეობა განისაზღვრა 60 ლარით, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებზე 50 ლარის ოდენობით, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარის, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე – 30 ლარის ოდენობით. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, სარგებლობს თითოეულ ბავშვზე 10–ლარიანი დანამატით, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად ოჯახში თითოეულ ბავშვზე 10 ლარის დანამატის დაწესება აღნიშნული მიზნის მისაღწევად საკმარის ღონისძიებად ვერ მიიჩნევა"–წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ოდენობა 16 475–ით შემცირდა, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობისა კი –  31 737–ით.

აგრეთვე იკვეთება შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალური პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ ძალზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ შედარებით მაღალი ქულის მქონე ოჯახებსაც შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული საჭიროებები და სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობა, მით უფრო, რომ ოჯახების ეს უკანასკნელი ჯგუფი საარსებო შემწეობის მიღმაა დარჩენილი. 

გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, გადახედოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალ მეთოდოლოგიას, ასევე, რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, სოციალური პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინონ შედარებით მაღალი ქულის მქონე ოჯახების საჭიროებებიც.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი