"საერთაშორისო გამჭვირვალობას" დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში ედავებიან
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშირისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაუზუსტებელს უწოდებს ტელეკომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე. მის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში დაკვეთას და ვინმეს ინტერესის გატარებას უფრო ჰგავს, ვიდრე ინფორმაციის დაზუსტებით მოძიებას. მისივე განცხადებით, დაახლოებით 25 რეგიონალური ტელევიზია არსებობს, ორგანიზაციამ კი მხოლოდ 8 ტელევიზიაზე მოიპოვა ინფორმაცია. მას შენიშვნა კონტრაქტის საეჭვოობასთანაც აქვს.
"ტენდერებით დადებული ხელშეკრულება რატომაა საეჭვო, რას ამბობენ ამ სიტყვით? ნიშნავს იმას, რომ განწყობილი არიან რაღაც ნეგატოურის სათქმელად. ამასთან 25 რეგიონალური ტელევიზიაა და რატომ დაინტერესდნენ 8 ტელევიზიით, დანარჩენები ტენდერებისა და სხვების დახმარების გარეშე მუშაობენ?
დაუზუსტებელი და ზედაპირული ინფორმაციაა. ვინც ჩახედულია ამ საქმეში, მას უნდა დაეწერა, რომ თანხები, რასაც მუნიციპალიტეტები ადგილობრივ ტელევიზიებს ხელშეკრულებით ურიცხავენ, მინიმუმია იმისა, რაც უნდა დაეხარჯათ. რატომ არ ინტერესდებიან, რა მდგომარეობაშია არხები. ციფრულზე გადასვლის წინა გვიღალატა ყველა საერთაშორისო ფონდმა და დონორმა. არც ერთი გრანტი არ მისცეს ტელევიზიას, გადავიდნენ არასამთავრობოების დაფინანსებაზე. ამ დროს გადასაიარაღებელია მთლიანი ტელევიზია.
სამ ბანკსა და ერთ ლომბარდში მაქვს სესხი. სახელფასო ფონდი თვეში არის 25 000 ლარი, ამას დღგ, საქენერგოს და სხვა გადასახადები ემატება და შეადარონ იმ თანხას, რაც ხელშეკრულებით გაფორმდა"–განაცხადა თამარ ღვინიანიძემ.
მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაცია, თითქოს "ტვ ტიონმა" 2015–2ო16 წლებში 200 000 მიიღო, არასწორია, რადგან მათ არ იციან წელს შეასრულებს თუ არა ტელევიზია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და მიიღებს თუ არა თანხას სრულად.
"200 000 მიიღესო, როგორ ამბობენ, რა იციან, წელს რა თანხა დამერიცხება, იქნებ ვერ სრულდება პირობები. ეს არის მიზანმიმართული დაპირისპირება ტელევიზიის მიმართ.
გასულ წელს მიღებული 93 463 ათასი ლარიდან დღგ–ში გაცემულია დაახლოებით 18%, ამას ემატება პროექტში მონაწილე პირების ხელფასის ვისაც 20%, ფაქტიურად, თითქმის ნახევარი წაღებული აქვს სახელმწიფოს. რა გამოდის, დარჩენილი თანხა თუ ამას თვებზე გავყოფთ?"–აცხადებს ღვინიანიძე და არასამთავრობო ორგანიზაციას ციფრებთან ერთად საკითხისადმი მიდგომას უწუნებს, მის განცხადებით, თუ ტენდერი მოიგო და ხელშეკრულება აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ამით ტელევიზია ტენდენციური გახდება და პრობლემებს არ გააშუქებს.
"ჩვენ არ ვართ ტენდენციურები და არც შეკვეთს ვასრულებთ, არც უკადრებიათ მათ, რომ შეკვეთა მოეცათ ან რაიმე აეკრძალათ. ჩვენ კრიტიკურ სიუჟეტებს ვამზადებთ და ადამიანების პრობლემებზე ვყვებით, ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს პრობლემების შემჩნევაში. თუ მოხდება საკითხის განხილვა, აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს. ცუდი ტონი აქვთ შერჩეული რეგიონალურ ტელევიზიებზე საუბრისას. თუ ნახავთ ანგარიშის ბოლოს, აქვთ ფოტო ძველებური ტელევიზიის, თითქოს დაბალ ხარისხზე მიანიშნებენ. ასევე დახატულია გასუქებული ღორი, რისი თქმა უნდათ ამით, ჩვენ ამ ერთი მილიონით გავსუქდით? მაშინ რატომ არ საუბრობენ იმ მილიონებზე, რომლებიც ცენტრალურ ტელევიზიებს ეპატიათ?"–აცხადებს ღვინიანიძე.
ტენდერებით დადებულ ხელშეკრულებებში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ ქუთაისის მერიაში და ორგანიზაციას ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევენ.
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით ხდება ყველაფერი. ყველა საინფორმაციო ხასიათის პროექტი მერიიდან ტენდერის მიხედვით განხორციელდა. ჩვენ გვჭირდება სატელევიზო მომსახურება რეკლამებზე, საკრებულოს პირდაპირ ეთერებზე, განცხადებებზე და სხვა. ამ ყველაფრის შესყიდვა ხდება ტენდერის საშუალებით, გამჭვირვალედ. შეუძლიათ იხილონ სპა.გე იქნებ, კარგად გადაამოწმონ "გამჭვირვალობაში" ინფორმაცია, სანამ ასეთ დაუზუსტებელ და ორაზროვან განცხადებებს გააკეთებენ"–განაცხადეს მერიაში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" გაავრცელა ინფორმაცია, რეგიონულ ტელევიზიებსა და თვითმართველობებს შორის დადებულ ხელშეკრულებებზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















