საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომა დეპუტატებისაგან მალულად ჩატარდა?
რატომ არ იყვნენ ინფორმირებული კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ კომისის წევრები, ამაზე საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქელბაქიანი სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, შესაძლოა, მისი ნათქვამი არასწორად გაიგონ, ან აზრი დაიკარგოს. "გამოქვეყნდება პასუხი, დაელოდეთ,"-განუცხადა ქელბაქიანმა "ნიუპრესს".
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი–დეპუტატი ნატო ქათამაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ლელა ქელბაქიანს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ქათამაძის განცხადებით, კომისიამ გუშინ ბიუჯეტი ისე განიხილა, რომ ის ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"მე პირადად, როგორც აღნიშნული კომისის წევრმა, იმ დღის წესრიგს, სადაც მერიის მიერ უკან გაწვეული ბიუჯეტი იხილებოდა, მხარი არ დავუჭირე... ახლა ვიგებ, დღეს 3 საათზე, ჩაუტარებიათ კომისიის სხდომა, რომლის შესახებაც ინფორმირებული არ ვიყავი...
კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ასევე კოალიციის წევრი კახაბერ დვალიშვილი, რომელიც ჩემს მსგავსად წავიდა წინააღმდეგი წინა კომისიის დღის წესრიგის დამტკიცების...
როგორც ჩანს, ამის გამო "დავისაჯეთ"..."–დაწერა გუშინ ქათამაძემ სოციალურ ქსელში.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარის კახა დვალიშვილის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კომიისის სხდომა გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზუსტი დრო არ იცოდა.
"მე ვიცოდი, სხდომა რომ იყო, მაგრამ საათი არ ივიცოდი და რომ დასრულდა, მერე გავიგე სხდომის ჩატარების შესახებ",–განუცხადა დვალიშვილმა "ნიუპრესს".
რატომ არ იყვნენ ინფორმირებული კომისიის წევრები სხდომის ჩატარების შესახებ, ამაზე კომენტარს ლელა ქელბაქიანი, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გააკეთებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















