|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საკრებულოს შენიშვნების დიდი ნაწილი გავითვალისწინეთ“

ქუთაისის მერმა და სამსახურის უფროსებმა ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბიუჯეტის პროექტი გააცნეს. 

მერის თქმით,  მთავარი განსხვავება ბიუჯეტის პირველ და  განახლებულ ვერსიას შორის არის ის, რომ  გაიზარდა რამდენიმე მილიონი ლარით, დაიხვეწა და  დაფინანსება მოემატა რამდენიმე პროექტს.  

„საკრებულოს კომისიებმა, ასევე დეპუტატებმა შენიშვნები ინდივიდუალურად გამოაგზავნეს, ამან ცხადყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილი „ქარიშხალი ჭიქაში“ ზღაპარი იყო, რადგან ბიუჯეტის პროექტი  ყველას ქონდა და შენიშვნებიც წარმოადგინეს, რომელთა დიდი ნაწილი გავითვალისწინეთ“, -აღნიშნა შოთა მურღულიამ.  

ახლა ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი 50 მლნ-ს აღემატება. ბიუჯეტის  მნიშვნელოვანი ზრდა, ტრადიციულად, მოხდება იანვრის შუა რიცხვებში, რაც ფონდებიდან მიღებული თანხების დამატებას უკავშირდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია „იუსაიდთან“  თანამშრომლობამ  ქუთაისის ბიუჯეტს მეტი გამჭვირვალობა შესძინა. ამან ქალაქის მერს იმის თქმის საშუალება მისცა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით საუკეთესოა, რადგან  მისი წაკითხვა და გაგება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.  

ბიუჯეტის პრიორიტეტად წელსაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და  სოციალური სფერო იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი საკუთარი შემოსულობების ხვედრითი წილი, თუმცა ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მაინც საგრანტო დაფინანსებაზე დამოკიდებული რჩება. მერის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მოიკლებს ადმინისტრაციული ხარჯების ხვედრითი წილი.

ბიუჯეტის განახლებული პროექტი მერიამ საკრებულოს  10 დეკემბერს უნდა წარუდგინოს.

შეგახსენებთ, მერიამ საკრებულოში წარდგენილი პროექტი მალევე უკან გამოითხოვა, რის გამოც პროექტის განხილვა ვერ მოხდა. ეს ფაქტი ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა და უმრავლესობის დეპუტატმა ნატო ქათამაძემ გააპროტესტეს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა