სამკერვალო საწარმო "იმერი" დამატებით 200 ადამიანს დაასაქმებს
საწარმო ,,იმერში" ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბექა ყანჩელთან და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსთან პაატა კლდიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
,,იმერი“ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ფართოვდება. საწარმოში ამ ეტაპზე 450 თანამშრომელი მუშაობს. დამატებითი შენობის რეაბილიტაციის შემდეგ კი სამკერვალო საამქრო კიდევ 200 ადამიანს დაასაქმებს. საწარმოს დირექტორის, მაია სიმონიძის თქმით ,,იმერი“ თანამშრომლების მისაღებად ვაკანსიებს 20 სექტემბრიდან გამოაცხადებს.
სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ქუთაისის მერი ,,იმერის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
კომპანიას მოგებული აქვს სხვადასხვა ტენდერები, დაკვეთებს იღებს, როგორც სახელმწიფოსგან (სპეცტანსაცმელი), ასევე უცხოური ქვეყნებისაგან.,,იმერს" საქმიანობის 90 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორციელებს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისთვის.
სამკერვალო კომპანია 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ,,ლებეკთან", რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება. წელი გაყოფილია ორ სეზონად - საზაფხულო და საზამთრო. შეკვეთა სრულდება ერთი სეზონით ადრე (ზამთარში იკერება საზაფხულო ტანსაცმელი).

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















