მთავრობა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობას გეგმავს
საქართველოს მთავრობა დამწყები ბიზნესის, ე. წ სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობას გეგმავს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. პროგრამა ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. იგი იძლევა საშუალებას დამწყებმა ბიზნესმა, ასევე, ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინსტიტუტის დაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით; საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ის გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე.
პრემიერის ინფორმაციით, ამ ინსტიტუტის მუშაობაში საერთაშორისო ექსპერტები და პროფესიონალები ჩაერთვებიან.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















