|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში 25 ათასზე მეტი უმისამართო ამომრჩეველია"

საქართველოში 25 ათასზე მეტი უმისამართო ამომრჩეველია,-  ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული სიახლეების გაცნობას უკავშირდებოდა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, უმისამართო ამომრჩევლები ძირითადად დიდ ქალაქებში არიან, მათი ზუსტი რაოდენობა საბოლოოდ დადგენილი არ არის, რადგან ჯერ კიდევ   გრძელდება  ამ ადამიანების რეგისტრაცია, რომელიც  1 აგვისტოს დასრულდება.

ჟვანიას თქმით, განახლებული საარჩევნო  სია  აგვისტოს დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.

შეხვედრაზე პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველთა რაოდენობის გარდა,  საარჩევნო სიის სიზუსტით, მასში მკვდარი სულების არსებობით,  სპეცუბნების, ანუ დახურული უბნების თემით, ასევე არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან პოლიციის მოქმედების წესის შესახებ და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ.

როგორც თამარ ჟვანიამ განმარტა, საარჩევნო სიის დაზუსტებას ხელს არალეგალური მიგრაცია უშლის, სიებში მკვდარი სულების არსებობას კი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ კონკრეტული დოკუმენტის წარმოუდგენლობა იწვევს. რაც შეეხება სპეც.უბნებს, წელს ასეთი მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში იფუნქციონირებს.

2016 წლის არჩევნების მთავარი სიახლე მაჟორიტარული ოლქების გაჩენას უკავშირდება. ხშირად საოლქო საარჩევნო კომისიისა და სამაჟორიტარო ოლქების ნომრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ქუთაისის შემთხვევაში, საოლქო კომისია ნომერი არის 59, ხოლო სამაჟორიტარო ოლქები ნომრები განსხვავებულია.

„საოლქო საარჩევნო კომისიები შექმნილია ხუთწლიანი ვადით და მათ აქვს თავისი დასახელება, მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, 13 კაციანი შემადგენლობით, მაგრამ ქუთაისში, ასევე შექმნილია 3 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი, რომელსაც სახელები არ აქვს და ნუმერაციით განისაზღვრება- #47, #48 და #49“-განმარტა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ეს იყო პირველი რეგიონული შეხვედრა და ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ მსგავსი შეხვედრები  აჭარასა და კახეთში.  ბევრი სიახლეა წელს არჩევნებთან დაკავშირებით,  იქედან გამომდინარე, რომ საზღვრების დაყოფა მოხდა ახლებურად, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ახლებურად განსაზღვრული, ამ ოლქებთან მიმართებაში ძირითადი და დამხმარე საარჩევნო კომისიები რა ფუნქციას შეასრულებენ, ამაზე კონკრეტული ინსტრუქცია არსებობს. ჩვენ გვინდოდა ყველა ეს ნიუანსი გაგვეზიარებინა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის“-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა