|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა!“ - სასულიერო პირების მსვლელობა აფხაზეთისკენ

სასულიერო პირები ფეხით მსვლელობით თბილისიდან ენგურის ხიდისაკენ მიემართებიან. უკვე მეცამეტე დღეა,  მამები გზაში იმყოფებიან. დღეს მათ იმერეთის ტერიტორია გაიარეს. 

მსვლელობა  23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დასრულდება.  

სასულიერო პირების ჯგუფი უწმინდესმა  3 მაისს,  ივერიის ღვთიშობლის ხსენების დღეს, მახათას მთაზე აკურთხა. მსვლელობა კი, 4 მაისს სვეტიცხოველში ჩატარებული წირვის შემდეგ დაიწყო.

 როგორც მამა დავითმა "ნიუპრესს" განუცხადა, მსვლელობაში ძირითადად მონაწილეობენ აფხაზეთის მამები და ის  ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის სიყვარულის დაბრუნებას უკავშირდება.  

„ეს გზა იწოდება წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის გზად და მიზნად ისახავს, მივიდეს და თაყვანი სცეს წმინდა მოციქულის საფლავს, სადამდეც შევძლებთ მისვლას. ჩვენ მოციქულს ვთხოვთ, რომ მან დაამყაროს მშვიდობა, ის პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული აღდგინოს, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვქონდა.  დღეს არავინაა გახარებული, არც ქართველი, არც ოსი და არც აფხაზი. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“,- აცხადებს მამა დავითი. მისი თქმით, წაიკითხება საგანგებო  ლოცვა, რომელიც შეიქმნა პარტიარქის კურთხევით. ეს ლოცვა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგებისათვის.

23 მაისს წირვა ენგურის ხიდზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, სვიმონ კანანელმა, რომელიც არის ქრისტეს მოციქულთაგან ერთ-ერთი,  საქართველოში ქრისტიანობა პირველ საუკუნეში იქადაგა. მისი საფლავი აფხაზეთის ტერიტორიაზეა.  

ავტორი: ირინა მაკარიძე