|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, ეფექტიანი პრევენციული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.

„17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.

განსაკუთრებით საგანგაშო იყო გასულ წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განაცხადებაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა