|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიცვალა თუ არა ქუთაისში მიწის ფასი?

 ქუთაისის ტერიტორიაზე მიწის საფასური რეალურად შემცირებულია - აცხადებს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი დავით გოგისვანიძე.

ქუთაისის ტერიტორიაზე მიწის ფასის განსაზღვრის საკითხზე ქალაქის საკრებულოში  იმსჯელეს. მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განცხადებით, ქუთაისში მიწის ფასი არ შეიცვლება. მისი თქმით, ფასი ექსპერტმა დაადგინა. მის ამ განცხადებას ოპოზიციის არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. დეპუტატების განცხადებით, საკითხი მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისათვის და მას მეტი არგუმენტები სჭირდება, ვიდრე მხოლოდ ექსპერტის შეფასება.

 გიგა შუშანიას განცხადებით,  მერიას არაერთხელ მიმართა შესაბამისი კვლევის და სტატისტიკის მოთხოვნით, თუ როგორია ქალაქის ტერიტორიაზე აუქციონის შედეგად გასხვისებული მიწების დინამიკა, დაფიქსირდა თუ არა აუქციონზე არსებული ფასის მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც, მისივე თქმით, მერიის რეაგირება არ მოყოლია. 

 დავით გოგისვანიძის განცხადებით, კი მიწის ფასი რეალურად შემცირებულია. "მე არ გეთანხმებით, რომ მიწის ფასი არ არის შეცვლილი, მიწის ფასი გაიაფებულია, რადგან თქვენ ტოვებთ იგივე ფასს, ერთ წელიწადში კი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. როდესაც ინვესტორი ფიქრობს, დააბანდოს თავისი კაპიტალი, ის რა თქმა უნდა, ძირითადად დოლარზე აკეთებს გათვლას. თუ შევადარებ შარშანდელ მონაცემებს, ვნახავთ, რომ მიწის ფასი რეალურად შემცირებულია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა. 

მისი თქმით, ქუთაისი აღარ არის საპარლამენტო დედაქალაქი, საუნივერსიტეტო ქალაქი ჯერ არ გამხდარა და საჭიროა, თვითმმართველობამ ქალაქის განვითარების მიზნით ახალი სტატეგია შეიმუშავოს. 

  ქუთაისში მიწის საფასური ზონების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მიწის ფასი ბოლოს გასულ წელს შეიცვალა.  2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამი ტერიტორიული ზონის ფასი 5-დან 7%-მდე გაიზარდა.

გიორგი გიორგობიანის თქმით, პირველ ზონაში რეალურად გასაყიდი მიწა არ არსებობს, აქ 1 კვ.მ მიწის ფასი 190 ლარია, მეორე ზონაში -135 ლარია, ხოლო მესამე ზონაში მიწის ფასი 68 ლარით არის განსაზღვრული.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა