|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შევთანხმდით, რომ ზესტაფონის მერი თანამდებობას ერთ თვეში დატოვებს"

ზესტაფონის მერიაში მიმდინარე აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათსა და მერს შორის შეთანხმება შედგა და კახა მახათაძე თანამდებობას ერთ თვეში დატოვებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გოგლიჩიძე განმარტავს, რომ მახათაძემ წასასვლელად გარკვეული დრო აიღო, შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციები განახლდება.

„მერმა შეთანხმება გააკეთა, რომ ერთ თვეში დატოვებს თანამდებობას, ამიტომ დაიშალა აქცია. ეკა დუგლაძის მოლანდებებია, თითქოს 10 კაცი იყო აქციაზე და ამის გამო მერი არ გადადგება. 17 ადამიანი ვიყავით მერიის წინ რამდენიმე დღე და ეს იყო სომბოლურად, თორემ მახათაძის მოწინააღმდეგე გაცილებით მეტია. კახა მახათაძე არავის უნდა ზესტაფონში და ამის დასტური კონტრაქცია გახდა, რომელიც ჩვენი აქციის პარალელურად მოეწყო. აქციაზე მხოლო 75 ადამიანი მივიდა და ისინი მახათაძის ნათესავები და ასევე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან, ჩემ პატივისცემას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს არის სულ კახა მახათაძის მხარდაჭერა და ასეთი მერი არ ეყოლება ზესტაფონს. ეკა დუგლაძე ნუ იგონებს რაღაცეებს, თუ კახა მახათაძე არ შესრულებს პირობას, აქციები გაგრძელდება“, -განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე განმარტავს, რომ წარმოუდგენელია 10 ადამიანის აბსურდული ბრალდების გამო მერის გადადგომა.

„როგორ წარმოგიდგენიათ, 10 ადამიანის მოთხოვნის გამო მერი გადადგეს? ვერ ვხვდები, რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამაზე, მერი აგრძელებს მუშაობას. ვისთან შეიძლებოდა ეს შეთანხმება შემდგარიყო, აქციის მონაწილეებთან? 10 ადამიანია, რომელიც ითხოვდა, მერი გადადგეს. დღეს ათი ადამიანი ითხოვდა მაჟორიტარი დეპუტატი გადაგდესო, ეს გონივრულ საზღვრებში ჯდება? ეს ადამიანები ყველაფერს ამბობენ და რაიმე ბარიერი მათთვის არაა. შეუძლებელია, მერი გადადგეს იმიტომ, რომ 8 ადამიანს არ მოსწონს. მერის გადადგომის მხოლოდ სამართლებრივი გზა არსებობს და მათ ეს ცადეს, რამდენიმე დღის წინ და 100 ხელმოწერა ვერ მოაგროვეს.  როგორ უნდა გადადგეს მერი მათ გამო, რომელმაც ამხელა მხარდაჭერით გაიმარჯვა? არანაირი საქმე არ არის აღძრული მერის მიმართ და ამის გადამოწმება ყველას შეუძლია“, -განაცხადა ეკა დუგლაძემ.

შეგახსენებთ, მერის გადადგომის მოთხოვნით მერიაში აქციები მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებმა მერის სამუშაო კაბინეტი წებოვანი ლენტით დალუქეს. კაბინეტის წინ მჯდომარე აქცია კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა