|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია: „ჩვენ არ მოვიქცევით ისე, როგორც "ნაციონალები" იქცეოდნენ 4 წლის წინ“

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" აიღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის გაღიზიანებაზე, მას შეუძლია აირჩიოს, გადაკეტავს რუსთაველის გამზირს, თუ წმინდა ნინოს ქუჩას. ჩვენც თუ გვაცნობებენ ამის შესახებ, კარგი იქნება, გავაფრთხილებთ საპატრულო პოლიციას“,- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გია თევდორაძის პასუხად, რომლის განცხადებით, ქალაქის მერია, მათ აქციის ჩატარებისათვის სასურველი ადგილის გამოყოფაზე უარს ეუბნება.

ქალაქის ყოფილი მერის, გია თევდორაძის ბრიფინგს შოთა მურღულიამ ბრიფინგითვე უპასუხა და განაცხადა, რომ მათგან იმით განსხვავდებიან, რომ ისე არ მოიქცევიან, როგორც "ნაციონალები" იქცეოდნენ 4 წლის წინ.

„ჩვენს მთავარ მონაპოვრად ის მიმაჩნია, რომ არ მოვიქცეთ ისე, როგორც ისინი იქცეოდნენ ზუსტად 4 წლის წინ, როცა ოპოზიციას არ აძლევნდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქციის გამართვის საშუალებას", -აღნიშნა მან.

შოთა მურღულიას განცხადებით, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველმა გახადა საჯარო მათი საუბრის შესახებ, განმარტავს, რომ სატელეფონო საუბარი მასსა და გია თევდორაძეს შორის მართლაც შედგა. მას შესთავაზა აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილები, მათ შორის ასსაფეხურიან კიბესთან. ეს წინადადება კი თევდორაძისთვის მიუღებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ არ აქვთ იმდენი მხარდამჭერის შეკრების იმედი, რომ იქ არსებული სივრცე შეავსონ.

 ქალაქის მერის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით ძველ უბანში, აქციის გამართვა გამოიწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას, რაზეც პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიას აკისრებს.

 აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია შაბათს, 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ამ დროს სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს და შესაბამისად ქალაქის ეს ნაწილი ნაკლებ გადატვირთულია, თუმცა  დაგეგმილია მერიის  ბაგა-ბაღების ააიპის ღონისძიება, რომლის გადადებასაც მერია არ აპირებს.

პასუხის პასუხით არ დააყოვნა გია თევდორაძემაც, მისი თქმით, "ეს უნიათო ხელისუფლება მათ ვერასოდეს დაემსგავსება".  რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გია თევდორაძე განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა მოსახლეობის უკმაყოფილებასა და აქციის შედეგებზე, ყველა შემთხვევაში  ხელისუფლებას ეკისრება. "ჩვენ აქციას ჩავატარებთ აუცილებლად, ჩავატარებთ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შეეხება, რიცხოვნებას, ამას ყველა დაინახავს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას". პასუხისმგებლობა კი ხალხის აგრესიასა და შექმნილ დისკომფორტზე არის ხელისუფლების პრეროგატივა" ,- აღნიშნა გია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გია თევდორაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქალაქის მერია მათი ხელისშეშლითაა დაკავებული და მათ აქციას ბავშვების ღონისძიებას უპირისპირებს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა