მამუკა ახვლედიანი:"არავის უკითხავს, რა გვჭირდება და რა გვსურს"
ქუთაისში მცხოვრები შშმ პირი მამუკა ახვლედიანი კომპიუტერულ პროგრამებში საკმაოდ გათვიცნობიერებულია. მან შეიმუშავა პროექტი - „მეტი ინფორმაცია შშმ პირებს“, რომელიც ითვალსწინებს სპეციალური პროგრამის ამოქმედებას, რომელიც სმენის, მხედველობის, და სხვა პრობლემის მქონე პირებს დაეხმარება. როგორც მამუკა ახვლედიანი „ნიუპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს, პროექტის დაფინანსების მოთხოვნით წელიწად ნახევარია იბრძვის, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობიდან უარყოფით პასუხს იღებს.
„არსებობს ასეთი პროგრამა „ენვიდია“, რომელიც უსინათლოებს, სმენის პრობლემის მქონე პირებს და სხვა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ამ პროგრამას ქუთაისში მხოლოდ მე ვფლობ. ჩემი სურვილია, შშმ პირებს შევასწავლო ეს პროგრამა, რომელიც მათ კომუნიკაციაში დაეხმარებათ. ასევე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ინგლისურ ენას შეისწავლიდნენ, თუმცა დაფინანსებაზე უარს მეუბნებიან. ყველა იძახის, რომ ადაპტირებული გარემოს შექმნაა მთავარი. მართალია, ადაპტირებული გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი განვითარებისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ბევრი სხვა რამაა საჭირო, თუმცა არავის უკითხავს, რა გვჭირდება და რა გვსურს. მხოლოდ კაბინეტებში ყოფნა და დებულებების კითხვა ვერ მოგვიტანს შედეგს“,-აღნიშნა შშმ პირმა მამუკა ახლედიანმა.
ახვლედიანი იმედს იტოვებს, რომ გამოჩნდება ის ადამიანი, ვინც პროექტის განხორციელებაში დაეხმარება.
როგორც ქუთაისის თვითმმართველობაში აცხადებენ, აღნიშნული პიროვნების განაცხადი არ ფიქსირდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















