სპექტაკლს "ჯინი" მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები დაესწრებიან
ადამიანურ ურთიერთობებსა და სიყვარულის საჭიროებაზეა სპექტაკლი „ჯინი“, რომლის პრემიერაც მესხიშვილის თეატრში შედგა.
დონალდ ლი კობურნის პიესის “ვთამაშობთ ჯინს“ მიხედვით ორმოქმედებიანი ფსიქოდრამა რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დადგა. სპექტაკლში მხოლოდ ორი მსახიობი თამაშობს. ევა ხუტუნაშვილი და გივი ჩუგუაშვილი ცხოვრებისაგან გარიყულ ადამიანებს ანსახიერებენ, რომლებმაც ერთმანეთი თავიანთ სიმარტოვეში იპოვეს. მათი რთული ურთიერთობა ასეთივე რთული ცხოვრების გაგრძელებაა. რეჟისორის თქმით, „ჯინი“ იმ ყველაფრის სიმბოლოა, რაც ადამიანებს ურთიერთობებში ხელს უშლის. ისინი კი ყველაზე მეტად ადამიანურ ყურადღებას და თანადგომას საჭიროებენ.
მესხიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრების ერთობლივი შემოქმედების სანახავად დღეს თეატრს წყალწითელას მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები ესტუმრებიან. მოხუცებს საჩუქარი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა ლატარიამ გაუკეთა.
„ასეთი კეთილშობილი ჟესტი ალამაზებს ამ ადამიანების ცხოვრებას, თეატრს და თავად ინიციატივის ავტორს, ბუნებრივია. იმედია, ბატონი ნიკა ლატარისაგან ქველმოქმედების დღევანდელი აქცია, გადამდები იქნება სხვებისთვის. ჩვენს თეატრს ჭირდება საზოგადოების აქტიური ნაწილის თანადგომა, მეტი მაყურებელი, მეტი თანამოაზრე. მადლობა მას ამ იდეის დასაწყისისთვის, რომელსაც მჯერა, გაგრძელება აუცილებლად ექნება“, -აცხადებს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















