„სკოლა არ არის ანგარიშვალდებული მოსწავლის სწავლის შედეგზე"
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელა სებუა სასწავლო წლის დაწყებას ეხმიანება. სებუას განცხადებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო განათლების სრულყოფილი რეფორმის გატარება.
„ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სახელმწიფოს ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა განათლება და მეცნიერება, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დაწყებული ცვლილებების წარმატებით დასრულება და სისტემის მუდმივი განვითარება. პოსტსაბჭოური სისტემის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნა. ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მასწავლებელთა კორპუსის განახლება, მოქმედი მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარება. ერთიანი, თანმიმდევრული სტრატეგიის არ არსებობის გამო, არადამაკმაყოფილებელია სახელმძღვანელოების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სასწავლო რესურსების ხარისხი და გამოყენება, ნაკლებად მრავალფეროვანია სასწავლო რესურსების წილი სწავლა-სწავლების პროცესში“-განაცხადა სებუამ.
მისი თქმით, კერძო რეპეტიტორთან მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი პროცენტი ემზადება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლა დანიშნულების მიხედვით ვერ საქმიანობს.
„სკოლები არ არიან ანგარიშვალდებულნი მათი მოსწავლეების სწავლის შედეგებზე. მაშინ, როცა, განათლების ყველა საფეხურზე, განსაკუთრებით, პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს განათლების თანაბარი ხარისხი, შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ზოგად განათლებაში პრიორიტეტული უნდა გახდეს განათლების მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ბავშვისთვის განურჩევლად ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლების მეტი ტერიტორიული ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა რეგიონისათვის, ინკლუზიური განათლების განვითარება და სრულყოფა, სახელმწიფო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებისათვის“-აცხადებს სებუა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















