"ტორპედოში" არსებულ მდგომარეობას ქალაქის მერი აფასებს
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი დამოუკიდებლად არსებობას ვეღარ შეძლებს, რადგან ის მოთხოვნები, რომელიც "ტორპედოს" მიმართ არსებობს, სერიოზულ ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. სპონსორისათვის კლუბის ოფიციალურად გადაცემამდე ქალაქის მერი კლუბის მდგომარეობას აფასებს.
"მინდა, ორ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო. ერთი არის შტელინი, გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომლის პატიოსნებაში მე დარწმუნებული ვარ და ფეხბურთში გუნდების მართვაში პატიოსნება მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც შტელინი ჩამოვიყვანეთ და მე ვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში. მან თავისი სული და გული ჩადო „ტორპედოში“. კლუბი ფაქტიურად განადგურებული იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფეხზე წამოეყენებია. მან მოკლე პერიოდში მე-13 ადგილიდან მე-6 ზე გადაიყვანა გუნდი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ადგილი არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ ამ შედეგში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ბოლო 5 შეხვედრა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა კლუბისთვის. "ტორპედომ" ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს, თემურ ჩეჩელაშვილს. კლუბს სჭირდებოდა ძლიერი ორგანიზატორი. უშუალოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო თემურ ჩეჩელაშვილის კანდიდატურის დაყენება. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ თემურ ჩეჩელაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დალაგდა "ტორპედოში" ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იყო არეულობის მცდელობები, ამ ადამიანმა შეძლო და დაალაგა სიტუაცია. თუმცა, არიან ჯგუფები, რომლებსაც უნდათ სულ დაპირისპირება იყოს "ტორპედოში". რაც ბატონი თემური მოვიდა ჯგუფში, იქედან თუ ავთვლით შედეგებს, შესაძლოა, სამეულშიც მოვხვედრილიყავით. მე ძალიან კარგად მესმის მისი გადაწყვეტილება კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ არ გასხვისდა გუნდი, ძალიან გაჭირდება კლუბის შენარჩუნება. მან დატოვა პოსტი იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს ავასრულოთ პოტენციური სპონსორების გადაწყვეტილებების ნაწილი. ბატონმა თემურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, განაცხადა, რომ ამ პროცესს ვერ შეუშლის ხელს. დარწმუნებული ვარ, ბატონ თემურს ძალიან უყვარს „ტორპედო“. მეც და მასაც ძალიან დაგვწყდა გული, რომ გუნდის მართვის სადავეები სხვას უნდა გადავცეთ, თუმცა დღევანდელი რეალობა ეს არის",- განაცხადა შოთა მურღულიამ "ნიუპრესთან" საუბარში.
მურღულიას თქმით, სპონსორთა ჯგუფს ქონდა სურვილი ალექსანდრე შტელინი დაეტოვებინათ "ტორპედოს" მწრთვნელად, თუმცა უარი თავად შტელინმა თქვა. "შტელინს შემოთავაზება ბელგიიდან ჰქონდა, ამიტომ გახდა საჭირო ახალი მწვრთვნელის მოძიება", -აღნიშნა შოთა მურღულიამ.
შეგახსენებთ, კლუბში ცვლილებები უკვე განხორციელდა, პოტენციური სპონსორების რეკომენდაციით გუნდის მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი, პრეზიდენტად კი ზაზა ჩაჩავა დაინიშნა. თუმცა, ჯერჯერობით, "ტორპედო" 100 პროცენტიანი წილით ქუთაისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებაში რჩება. გუნდის მიმართ ინტერესი ბიზნესმენ თემურ უგულავას აქვს, ასევე კლუბის სპონსორობით დაინტერესებულია ირანული ჯგუფი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















