|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უახლოესი გარემოცვის გარდა, აღარავის ენდობა"-როგორ აფასებს ახალ შს მინისტრს მთავრობა და მისი ოპონენტები

შს მინისტრის თანამდებობაზე ლექსო ჭიკაიძე ვახტანგ გომელაურმა შეცვალა. ვახტანგ გომელაური პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. გომელაურმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეცდება, გაამართლოს პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი.
ახალ მინისტრს სრულ ნდობას უცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, გომელაური, რომელიც დღემდე შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. 

"ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. ვუსურვებ მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შს ახალ მინისტრს გამოცდილ და პროფესიონალ კადრად აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ვახტანგ გომელაურმა საკუთარი პროფესიონალიზმი არა ერთხელ გამოავლინა. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ მას შს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს.

"ვახტანგ გომელაური ჩვენთვის უცხო არ არის. ის გამოცდილი და პროფესიონალი კადრია. ვახტანგ გომელაური მინისტრის მოადგილე იყო და მან არაერთხელ გამოავლინა საკუთარი პროფესიონალიზმი. გომელაურს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს - ერთი იმ ფონზე, რაც მოხდა და ყოველდღიური გამოწვევები ძალიან სერიოზულია და მეორე, არ დაგვავიწყდეს, რომ იგეგმება შს სამინისტროს რეფორმა, უწყების ტრანსფორმაცია და ამ პროცესში მინისტრის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 

პრემიერისა და სესიაშვილის ოპტიმიზმს არ იზიარებენ მათი ოპონენტები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ისინი სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებს აქვეყნებენ.

ნუგზარ წიკლაური, დეპუტატი:
"შსს ახალი მინისტრად დაინიშნა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ვახტანგ გომელაური. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დიქტატორი შევიდა ეჭვიანობის სპირალში და ის უახლოესი გარემოცვის გარდა აღარავის ენდობა. სწორედ პირადი ერთგულება არის გომელაურის წარდგენის ერთადერთი კრიტერიუმი.
გომელაური 2013 წლიდან მუშაობს სამინისტროში და დეკორატიული ლექსო ჭიკაიძის პირობებშიც მას ჰქონდა რეალური მართვის ბერკეტები, როგორც ოლიგარქის პერსონალურ წარმომადგენელს.
ორი წელია მუშაობს გომელაური და ორი წელია არნახულად იზრდება კრიმინალური სამყაროს გავლენა და სუსტდება პოლიცია.
ივანიშვილი მიდის დიქტატორების მიერ გაკვალული გზით, მისი ძირითადი ინსტიქტი ახლა ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნებაა დიდი სახალხო უკმაყოფილების პირობებში.
პირადი მდივანი პრემიერად!
პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად!
პირადი მცველი შსს ხელმძღვანელად!
უპრინციპო მეხოტბეთა გუნდი სხვა სამთავრობო პოსტებზე!
მართლაც გასაკვირია, რატომ იგვიანებს ღმერთის ნასროლი მეტეორი?!".

ლექსო მაჭავარიანი, პროდუსერი:
"პირადი მდივანი პრემიერად, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, პირადი დაცვის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრად. რა ქნას მეტი ამ კაცმა? თავისთვის იკლებს და ჩვენ გვაძლევს".

დავცით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:
"საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგინა:)"

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:
"ბიძინას დაცვის ყოფილი უფროსი, საქართველოს შსს მინისტრია.
საინტერესოა, რომელ სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს უახლოეს მომავალში ბიძინას ზვიგენი, ან მაგალითად "სკატი".

წყარო:ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი