|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოეზიაში შეჩერებული წამი

  დათო ახლოურის ლექსები სოციალურ ქსელში (და არა მარტო) პოპულარობით სარგებლობს. პოეტი ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი არის, ამასთან ერთად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს ისტორიას ასწავლის. ახლოურის შემოქმედებით საღამოს ქუთაისის „ლიტერატურულმა სარდაფმა“ უმასპინძლა.

8 მონოგრაფია, 14 პოეტური კრებული, ერთი პროზაული, გამოქვეყნებული 1000-ზე მეტი ისტორიული, ლიტერატურული და პუბლიცისტური ნარკვევი - ეს ინფორმაცია მათთვისაა ვინც არ იცის, რომ პოეტი დათო ახლოური მხოლოდ პოეზიით არაა დაკავებული, თუმცა მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს. ერთი შეხედვით უბრალო ლექსები მკიხველს ავტორისადმი დადებითად განაწყობს.     თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა ამ მრავლფეროვანი თემატიკიდან საინტერესო პატრიოტული მოტივია, რასაც მისი  სოფლის მდებარეობაც განსაზღვრავს.  დათო ახლოური ოკუპირებული ახალგორიდანაა,  სახლიდან შორს, სიზმრად ნანახი მშობლიური ადგილი და ამით გამოწვეული სევდა ასე ჟღერს:

„წუხელ ბავშვი ვიყავ, კვლავ პატარა,

ეს რა ღამე იყო, დალოცვილი,

ნეტა ჩემს ეზოში გამატარა,

კედლებს სათითაოდ დავკოცნიდი!

წუხელ მზენათელი ამობრწყიდა,

ციდან მიგალობდა მამაღმერთი,

როგორ მომენატრა ქარჩოხი და

ჩემი მოწყენილი დედულეთი“.

 „დღეს ოკუპირებულია ახალგორის რაიონი. მიუხედავად იმისა, რომ ქართლში ვცხოვრობ, მთა ჩემთვის ყველაფერია.  ერთხელ შამილს ჰკითხეს:  არ გენატრება შენი სამშობლოო და მან უპასუხა, სადაც მე ვარ, იქ ჩემი სამშობლოა. სადაც მივდივარ, ჩემი სამშობლო სულ თან დამაქვს“,- ამბობს დათო ახლოური.

იმერეთის სტუმარი აღნიშნავს, რომ მოხიბლულია იმერული დიალექტით: „ვფიქრობ, დიალექტები არ უნდა დაიკარგოს. მათ თავიანთი  განსაკუთრებული ხიბლი აქვთ და ენას ამდიდრებენ“,- ამბობს პოეტი.

ახლოურის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი სიყვარულს უჭირავს. ამბობს, რომ ყველა ლექსს თავისი ლირიკული გმირი და მუზა ჰყავს.  „ერთ მუზა არ მყავს. შეიძლება ის ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი გახდეს. ერთელ ქუჩაში მშვენიერი, ქერათმანი გოგონა მიდიოდა. ის გოგონა  მეტად აღარ შემხვედრია, მაგრამ ლექსი  კი დარჩა. თითოული ლექსი და პროზა მხოლოდ რითმა არაა, არამედ შეჩერებული წამია“, - აღნიშნა პოეტმა, რომელიც უყურადღებოდ არც იმერელ ქალბატონებს ტოვებს. ლექსი იმერელ ქალზე ასე მთავრდება:

“შენ, ჩემო ფიქრო და მალამო,

შენს იქით სხვა სითბოს არ ველი,

მიყვარხარ იმერლის ქალაო,

წერა ხარ, ბედი ხარ ფშაველის!“

პოეტი მიიჩნევს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უფრო კარგად იცხოვრებდა;  “სულ ვფიქრობდი, რომ მეცხრამეტე საუკუნეში რომ დავბადებულიყავი, უფრო კარგად გავუგებდი  იმ ეპოქას. მეცხრამეტე საუკუნე  იდეალისტური აზროვნებით გამოირჩევა. დღეს რომ ის ხალხი იყვნენ, ვინც მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდნენ, მეტი ლიტერატურული სალონები გვექნებოდა. ოცდამეერთე საუკუნეც კარგია, მაგრამ ზედმეტად რეალისტური“,- ამბობს დათო ახლოური.

პოეტი მომავალში საკუთარი ლექსებით რჩეული კრებულის გამოცემას გეგმავს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა