თამარ სანიკიძე: "რეპეტიტორები სულ მოდაში იყვნენ"
„რეპეტიტორთა ინსტიტუტის მინიმალიზაცია უნდა მოხდეს“-განუცხადა თამარ სანიკიძემ დღეს "ნიუპრესს" ქუთაისში. სანიკიძის თქმით, ისინი სულ მოდაში იყვნენ: „რა პერიოდსაც არ უნდა გადავხედოთ საქართველოს ცხოვრების, ისინი სულ მოდაში იყვნენ. მახსოვს, აქებდნენ საბჭოთა კავშირის განათლების სისტემას, მაგრამ მაშინაც პოპულარული იყო ეს ინსტიტუტი“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების მინისტრის თქმით, „ბევრი რამ კეთდება სკოლებში პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის, რომ მათი ხელშეწყობით, ბავშვმა სკოლაში მიიღოს საბაზისო განათლება. სამომავლოდ, უფრო მეტს ვიმუშავებთ ამ საკითხზე. სკოლას შევძენთ უფრო მეტ ფუნქციას, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლის შედეგებით უნივერსიტეტში სწავლის გაგარძელება“.
რეპეტიტორის საჭიროებაზე საუბრობენ მოსწავლეები. მათ იდენტიფიცირებას გასაგები მიზეზების გამო არ ვახდენთ. მათი თქმით, მასწავლებელთან დამატებით სიარული ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რადგან სკოლაში საგაკვეთილო მასალის სრულად გაგება ვერ ხდება. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ამის საჭიროება არ აქვთ. განსაკუთრებით გავრცელებული უცხო ენის პედაგოგებთან სიარულია. „უცხო ენის შესწავლას მხოლოდ სკოლაში მიღებული გაკვეთილებით სრულყოფილად ვერ შეძლებ, ამიტომ იძულებული ხარ, რეპეტიტორთან წახვიდე. ისე ხდება, რომ სკოლაში სახელმძღვანელოს დამთავრებასაც ვერ ვახერხებთ, მომდევნო წელს კი ახალზე გადავდივართ“ , -უთხრა „ნიუპრესს" ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ.
განათლების მინისტრი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც წარმატებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















