„თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ფანი ჩანხართ“- ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტს
ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრებს აგრძელებს. გურიის ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ყოფილი პრემიერი ჟურნალისტის მიერ შეუსრულებელ დაპირებებზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
„თქვენი მიდრეკილებით "ნაციონალური მოძრაობის" ფანი ჩანხართ“, - მიუგო ივანიშვილმა ჟურნალისტს, რომელსაც გადაცემის წამყვანი მიშა ფეიქრიშვილი გამოექომაგა. წამყვანმა ივანიშვილს კითხვით მიმართა, „თუ ჟურნალისტი პრობლემაზე დასვამს კითხვას, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს გარკვეული პარტიული კუთვნილება?“ "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა"-განაცხადა ივანიშვილმა, შემდეგ კი განმარტა, "რატომ ვამბობ ნაციონალური მოძრაობის ფანი? როდესაც ჟურნალისტი სვამს კითხვებს, ის უნდა იყოს არგუმენტირებული... როდესაც ზოგად კითხვებს ამბობს, ქუჩაში გადი და ნახე გაჭირვებული ადამიანი, სწორედ ესაა "ნაციონლური მოძრაობის" დემაგოგია. ამდენ ციფრებს ვკითხულობ, სად ვიყავით და სად მოვედით, ოთხ წელიწადში რომ სახელმწიფო შენდებოდეს და მოწინავე ქვეყნებში შედიოდეს, ყველა ასეთი იქნებოდა დღეს და არსად აღარ იქნებოდა გაჭირვებული სახელმწიფო",- განაცხადა ივანიშვილმა.
თავად ჟურნალისტს ყოფილი პრემიერის რეპლიკა არ გაუპროტესტებია.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















