თვითმმართველობების მიერ დაარსებული შპს-ები ბიუჯეტს აზარალებს?
დიდია კორუფციის რისკი თვითმმართველობების მიერ შექმნილ შპს-ებში, - განაცხადა "საია"-ს იურისტმა სულხან სალაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. კვლევა, რომელიც მან წარმოადგინა, თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო იურიდიულ საწარმოებს, იგივე შპს-ებს ეხება.
კვლევის ავტორის, სულხან სალაძის განმარტებით, „კვლევაში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე, ხდება თუ არა კონკურსის წესით დირექტორების დანიშვნა, თვითმმართველობები იღებენ თუ არა იმ შედეგს, რისთვისაც ეს საწარმოები ფუძნდება. ხდება, თუ არა კორუფციის პრევენცია, ამასთან ხომ არ აფერხებს თვითმმართველობები კერძო ბიზნესის განვითარებას?“
თვითმმართველობის მიერ შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირის რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია, მას მოსდევს ბათუმი და ფოთი. ქუთაისი მეოთხე ადგილს იკავებს, მერიის მიერ შექმნილი 9 შპს- ით.
კვლევის ავტორის განცხადებით, პრობლემები თითქმის იდენტურია, ესაა დაბალი ანგარიშვალდებულების დონე, ასევე ის, რომ ხშირად წამგებიანია ეს საწარმოები არსებობს კორუფციის დიდი საფრთხე და რაც მთავარია, საწარმოების დიდი ნაწილი ოპერირებს იმ სფეროში, სადაც კერძო სექტორს თავისუფლად შეუძლია იმუშავოს.
სალაძის განცხადებით, საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში არსებულ 94 საწარმოში არც ერთ შემთხვევაში დირექტორის დანიშვნა არ მომხდარა კონკურსის გზით, თუმცა, ამის ვალდებულება კანონით არ არსებობს. რეალურად, დირექტორის დანიშვნა კონკრეტული ჩინოვნიკის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ მან თავისი სამუშაო როგორ შეასრულა.
საერთო ჯამში, 2015 წლის მონაცემით, თვითმმართველობებიდან შპს-ებს 690 მილიონი ლარის ქონება აქვს მიღებული. რაც შეეხება ქუთაისს, აქ შპს-ებს გადაცემული აქვს 294 767 ლარის ქონება. ამასთან, ეს საწარმოები დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებენ. კვლევის ავტორის განცხადებით, ამ საწარმოების დიდი ნაწილი წაგებაზე მუშაობს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განცხადებით, „ამჟამად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთხებაში 9 საწარმოა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ამ საწარმოთაგან კერძო ბიზნესის სფეროა. ყველა საწარმო, რომელიც ჩვენს მიერ დაფუძნდა, ან იყო გამოწვეული აუცილებლობით, ან იმით რომ ამ სფეროში კერძო სექტორი არ შემოვიდა. 2015 წელს ჩვენ დავაფუძნეთ შპს "პარკინგსერვისი". ქალაქში პარკირების სისტემის ორგანიზებისათვის სამჯერ გამოვაცხადეთ აუქციონი, თუმცა ამ ბიზნესით კერძო სექტორი არ დაინტერესდა. იძულებული გავხდით ეს შპს დაგვეფუძნებინა.
არის ისეთი შპს-ები მერიის კუთვნილებაში, რომელიც ვთვლით, რომ არ უნდა ეკუთვნოდეს მერიას. ასეთი არის სპორტული კლუბები, მაგრამ ჩვენ რომ მათი დაფინანსება საკუთარ თავზე არ ავიღოთ, ისინი უბრალოდ, გაუქმდება. ამის შედეგად აღარ გვეყოლება, მაგალითად, ქუთაისის „ტორპედო“.
დანარჩენი 7 შპს, რომელთა შორის არის "მეოთხე პოლიკლინიკა", რომლებიც ბიუჯეტიდან არა თუ არაფერს იღებენ, პირიქით, ბიუჯეტს აქეთ უხდიან. მერიის შპს-ა ასევე საკათბურთო კლუბი, „ქუთაისი ლიფტი“, დეზიფენქციის სადგური"-განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
ქუთაისის მერიის შპს-ებში 390 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















