ტყიბულში გაფიცვა მე-11 დღეა გრძელდება
გაფიცვის მეთერთმეტე დღეს მეშახტეები კვლავ თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და ერთმანეთს ერთიანობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებს საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე შეუერთდა. ტყიბულში ჩამოვიდა სახალხო დამცველის ინსტიტუტის წარმომადგენელიც.
საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა კოლეგებს, რომ ტყიბულელი მშრომელების პრობლემასთან დაკავშირებით შეიქმნას სამმხრივი კომისია, დამსაქმებლის, ხელისუფლებისა და დასაქმებულთა მონაწილეობით.
როგორც მომიტინგეები აცხადებენ, თუ 2-3 დღეში მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვება, ისინი ზესტაფონის, ჭიათურის, ქსნისა და სხვა გაფიცულ მუშებთან ერთად გაერთიანებულ აქციას გამართავენ და საერთო ძალებით ეცდებიან მშრომელთა უფლებების დაცვას.
ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ტყიბულის გაფიცულ მეშახტეებს იურიდიულ კონსულტაციებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის- "EMC" თანამშრომლები უწევენ. ორგანიზაცია მუშების მოთხოვნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს და სოლიდარობას უცხადებს მათ.
გუშინ გაფიცულებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და პროცესში ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართვა მოითხოვეს.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















