გიორგი თავაძის „უჩვეულო იგავი“ მესხიშვილის თეატრში
მესხიშვილის თეატრში რეჟისორ გიორგი თავაძის (იმარინდო) სპექტაკლი „PERPETUUM MOBILE“ დაიდგა. პიესა რუმინელი დრამატურგის და ფილოსოფოსის, მატეი ვიშნეკის პიესის „რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს“ მიხედვით შეიქმნა.
„ადამიანი სამყაროს ერთი პატარა ნაწილაკია, მაგრამ ერთობ ამოუცნობი ნაწილაკი“, - ისმის სცენიდან.
„უჩვეულო იგავის“ პერსონაჟები სპექტაკლის განმავლობაში ცდილობენ შეაწყვეტინონ მათთვის თავსმოხვეული მუსიკის დაკვრა უცნობ შემსრულებელს.
სპექტაკლის რეჟისორი აღნიშნავს, რომ ეს არის იგავი ჩვენზე, ადამიანებზე.
გიორგი თავაძის თქმით, ინტელექტუალური მაყურებელი, რომელსაც ესმის მეტაფორების ენა, ადვილად გაიგებს ავტორის სათქმელს.
„პიესაში არის ანალოგიები, რაც ჩვენ გვჭირს, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის არსებული აბსოლუტური გათიშულობა. სოციალური, პოლიტიკური ტექსტები, რომელიც მეტაფორული, იგავური ტექსტებით ითქმება. მე ვთვლი, რომ ინტელექტუალური მაყურებელი გაიგებს, რაზეა სათქმელი“, -განაცხადა „ნიუპრესთან“ საუბარში რეჟისორმა.
თავაძის თქმით, თავად პიესის ავტორი არის ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი, რომელიც ჩაუშესკუს პერიოდში რუმინეთიდან პოლიტიკური ნიშნით იყო ემიგრირებული. „ეს საოცარი ბიოგრაფიის მწერალი, იმის შემდეგ რაც წარმატებული გახდა ემიგრაციაში, როგორც ხდება ხოლმე, მის სამშობლოშიც აღიარეს“,- აღნიშნავს თავაძე.
რეჟისორმა ამ ავტორის პიესა - „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ ბათუმის თეატრში დადგა, რომელსაც მოწონება და აღიარება ხვდა წილად.
„PERPETUUM MOBILE“-ს ერთ-ერთი როლის შემსრულებელი გიორგი შალამბერიძე კი აღნიშნავს, რომ სპექტაკლი არის იმის შესახებ, რომ არასოდეს უნდა შევეგუოთ იმ ჩარჩოს, რაც არ მოგვწონს და აუცილებლად უნდა შევცვალოთ ის.
"ჩვენ ვემორჩილებით შემოთავაზებულ მუსიკას და ვართ მოკლებული იმ შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის, ამის შედეგი არის ის, რომ ყველაფერი მიდის ნგრევისკენ",- აღნიშნავს შალამბერიძე.
სპექტაკლში 4 მსახიობი მონაწილეობს, მარიკა სამანიშვილი, გიორგი შალამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და გიორგი ქართველიშვილი.
სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია გიორგი თავაძეს ეკუთვნის, მხატვრობა რამაზ ფორჩხიძეს.
სპექტაკლში გამოყენებულია ბახისა და ვივალდის მუსიკა.
გიორგი თავაძემ იგივე პიესა რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის თეატრში დადგა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















