ქუთაისის მერის უკვე შერჩეული წარმომადგენლებისათვის, შესაძლოა, კონკურსი დაინიშნოს
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერიის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში თავისი წარმომადგენლები მიმდინარე თვეში დანიშნა. მერის წარმომადგენლები, რომლებიც ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები არიან, ხელშეკრულებით დაინიშნენ. რამდენიმე დღეში კი, ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელების შტატში დამატება მოხდა.
მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი ეკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ უკვე დანიშნული წარმომადგენლებისათვის, შესაძლოა, კონკურსის ჩატარება გახდეს საჭირო, რაც მათ შტატში გადაყვანას უკავშირდება.
"12 შტატი დაემატა საბინაო სამსახურს, რომელიც არის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/მერის წარმომადგენელი. ეს შტატგარეშე თანამშრომლები, რომლებიც არიან მერის წარმომადგენლები, ყველა შევა შტატში. სავარაუდოდ, კონკურსი გამოცხადდება, რადგანაც შტატში რომ დაინიშნოს ადამიანი, მან კონკურსი უნდა გაიაროს", -განმარტა ეკა ბოჭორიშვილმა. თუმცა გამოცხადდება თუ არა კონკურსი, ამის შესახებ დაზუსტებით საუბარი უჭირს.
ქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობის პირების სარგოები საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე 18 იანვარს დაამტკიცა. მერის წარმომადგენელის ხელფასი კი, რომელიც მანამდე 950 ლარით იყო განსაზღვრული, 1400 ლარამდე გაიზარდა.
როგორც მერიაში განაცხადეს, მერიის სახელფასო ფონდის ზრდა სწორედ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანას უკავშირდება, რომლის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას კანონის თანახმად ქონდა.
მერის ადმინისტრაციულ ერთეულში შტატგარეშე ხელმძღვანელისა და საბინაო სამსახურის თანამშრომლების ყოლის შეუსაბამობის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გიგა შუშანიამ წინა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ახლა კი აღნიშნავს, რომ მერმა მისი შენიშვნა გაიზიარა.
"ადმინისტრაციულ ერთულში მერის წარმომადგენელი შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხოლო სხვა თანამშრომლები საბინაო სამსახურში ირიცხებოდნენ, რაც შეუსაბამობა იყო. რაზეც მერი დამეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ კანონი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. რაზეც ვუთხარი, რომ კანონის ჩანაწერი სოფლებში მერის წარმომადგენლებზე უფრო იყო გათვლილი, ხოლო მას შეეძლო საბინაო სამსახურშივე გააერთიანებინა ყველანი, რაც აამაღლებდა მუშაობის ეფექტურობას",-აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
შუშანია აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თავიდანვე, განხილვების დროს მოხდეს ოპოზიციის წინადადების გათვალისწინება და არ ხდებოდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ხშირი ცვლილებები.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებს ახალი ხელმძღვანელები ყავს
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















