"წინასაარჩევნო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართვა დაუშვებელია"
წინასაარჩევნო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართვის დაუშვებლობაზე საუბრობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს ერთ სკოლაში ვიდეო მასალის ჩვენების და მეორე სკოლაში პოლიტიკური მოღვაწის ჩართვის შემთხვევა იყო, რაც მიუღებელია.
”ჩვენ გვინდა ყველას ვთხოვოთ, სკოლას და ბავშვებს ნუ ჩართავენ ამ პროცესში”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავა პოლიტიკური ძალების მიმართ პრემიერის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და მას მნიშვნელოვანი ინიციატივა უწოდა.
”გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პირობებია და ბევრი მხრიდან იქნება სურვილი ჩვენი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პროცესში ჩაერთონ. ჩვენ ყველანაირად მოვუწოდებთ და ვცდილობთ, რომ ასე არ მოხდეს. პრემიერის ინიციატივას ცალსახად ვეთანხმებით, რადგან გვგონია, ქართველებმა უნდა მოვახერხოთ არჩევნები მიმდინარეობდეს მშვიდად, საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით და არა დისკრედიტაციის ფონზე. მითუმეტეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















