წყალტუბოში საქართველოს უნივერსიტეტის "ჯანდაცვის სკოლის" გახსნა იგეგმება
წყალტუბოში 2018 წლის სექტემბრიდან, შესაძლოა, ჯანდაცვის სკოლამ დაიწყოს ფუნქციონირება. აღნიშნული იდეის განხორციელების მიზნით წყალტუბოს საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანსა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელს სალომე ქუთათელაძეს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანს სკოლისთვის სავარაუდო ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენდა.
ჯანდაცვის სკოლის წყალტუბოში გახსნის იდეა ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის, რომელზეც მოლაპარაკებები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე ქუთათელაძემ აწარმოეს.
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივა ჩვენთვის არის საინტერესო და იდეას საქართველოს უნივერსიტეტი დიდი ენთუზიაზმით უჭერს მხარს. ვიზიტის მთავარი მიზანია დავათვალიეროთ ადგილები და შენობები, თუ სად შეიძლება გაიხსნას ჯანდაცვის სკოლა. სკოლა, ერთის მხრივ, მოამზადებს ახალ კადრს და მეორეს მხრივ, გადაამზადებს არსებულ კადრებს. სკოლაში ისწავლიან უცხოელი სტუდენტები, მათ შორის სირიიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ბალკანეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და აშ. საუბარია პირველ ეტაპზე ასეულ სტუდენტზე. მეორე ეტაპზე კი სტუდენტების რიცხვი საკმაოდ გაიზრდება და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ სტუდენტური საერთო საცხოვრებლების გაკეთებაზე" - განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.
სწავლის მსურველებს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა წყალტუბოში შემდეგი პროგრამებს შესთავაზებს: საექთნო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო, აკადემიური პროგრამები. ასევე იქნება სასერთიფიკაციო კურსები დასაქმებული მედ-პერსონალისთვის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა წყალტუბოში პირველ ნაკადს უკვე სექტემბერში მიიღებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















